ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ჩვენს გუნდსაც აქვს კითხვები ზოგიერთ უვადოდ დანიშნულ მოსამართლესთან

22 თებერვალი, 2018 • 3110
კვირიკაშვილი: ჩვენს გუნდსაც აქვს კითხვები ზოგიერთ უვადოდ დანიშნულ მოსამართლესთან

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვი აცხადებს, რომ რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით  მიღებულმა გადაწყვეტილებამ  მმართველ გუნდშიც გააჩინა კითხვები.

“მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი. სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო”, – აცხადებს  პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ეს მოსაზრება თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. 


“რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს. სწორედ ღირებულებებისთვის ბრძოლამ გააერთიანა ჩვენი ერი და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვოთ უპასუხოდ საზოგადოების კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომელიც მისცემს საშუალებას ჩვენს ქვეყანას, განამტკიცოს ის მონაპოვარი, რომელიც მოგვიტანა რამდენიმეწლიანმა ბრძოლამ და 2012-მა წელმა”, – წერს კვირიკაშვილი. 

გარდა სულხან მოლაშვილის საქმისა, მანუჩარ კაპანაძე იყო “კაბელების საქმის” განმხილველი პალატის მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ “კაბელების საქმეზე” ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ პრეზიდენტმა ამ საქმის ხუთივე მსჯავრდებული შეიწყალა. მანუჩარ კაპანაძე ასევე იყო სააპელაციო სასამართლოს იმ პალატაში, ვინც “ციანიდის საქმე” განიხილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო.

პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მანუჩარ კაპანაძეს ასახელებს, თუმცა საზოგადოებაში კითხვები არაერთ უვადოდ გამწესებულ მოსამართლეზე გაჩნდა. მათ შორისაა ლილი მსხილაძე. სავარაუდოდ, მისი წარსულში გამოქვეყნებული ჰომოფობიური ფეისბუკის პოსტი გავრცელდა დღეს სოციალურ მედიაში, რაც კრიტიკის საფუძველი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი