სააკაშვილმა ავტოფარეხში მცხოვრები ვიცე–პოლკოვნიკი მოინახულა (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ავტოფარეხში ცხოვრობს.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ალექსანდრე ტუღუში 2011 წლის 8 დეკემბერს ჰელმანდის პროვინციაში, სოფელ დუაბში ქვეითი პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. მისი თქმით, ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკი თბილისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და საცხოვრებელი ბინის არქონის გამო იძულებულია, ავტოფარეხში იცხოვროს.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა მთავარსარდლის ბრძანება ვიცე–პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუშის სამხედრო სამსახურში დასაქმების თაობაზე. ასევე პრეზიდენტი ინიციატივით მიმართავს დედაქალაქის მერს, საქართველო-რუსეთის ომში და ავღანეთის ოპერაციაში მებრძოლი სამხედრო უზრუნველყოს საცხოვრებელ ბინით. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ტუღუში, სულის დაუმარცხებლობის სიმბოლო, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების პრობლემების მოგვარება დაავალა.

 

,,ალექსანდრე ტუღუშზე ვრცლად მესაუბრა პრეზიდენტი ობამა, რომელმაც ის საავადმყოფოში მოინახულა. მისი გმირობით აღტაცებული იყო ამერიკელი გენერალი პეტრიუსი, მასზე რამდენჯერმე მესუბრა ადმირალი სტავრიდისი, რომელმაც პირადად მოინახულა ამერიკაში. ეს არის ქართველი კაცის წარმოუდგენელი გმირობის, თავდადების და განსაკუთრებულობის ნამდვილი სიმბოლო. საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ესეთი შვილები თითზე დასათვლელად დაბადებია. ახლა ეს კაცი, რომელიც ამდენი წელი, ბოლო ამდენი თვეები ამერიკაში მკურნალობდა, ჩამოვიდა საქართველოში და მინდა გაჩვენოთ, სად ცხოვრობს… მუხათგვერდის სასაფლაოს მიახლოებულ ტერიტორიაზე, ფარეხში…

ალექსანდრე ტუღუში ამერიკილებისთვის საქართველოს, ქართველების გამბედაობის და ქართველების მაღალი კვალიფიკაციის სიმბოლოა. სწორედ იმ ამერიკელებისთვის, ვინც საქართველოს დაეხმარა ყველა გადამწყვეტ მომენტში და უნდა დაგვეხმარონ მომავალში. ეს არის ნამდვილი გმირი საქართველოში, გაუტეხელი და შეუპოვარი. აი, ეს ყველაფერი არის ჩვენი ეროვნული სირცხვილი, რომ ვიცეპოლკოვნიკი ტუღუში, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო ცხოვრობდეს ავტოფარეხში, ამის შემდეგ თავმოყვარეობა გვაქვს ჩვენ საერთოდ?! ღირსებაზე შეიძლება ამის შემდეგ საუბარი, ხალხნო?’’, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიცეპოლკოვნიკი ალექსანტრე ტუღუში 2004 წლიდან 19 ჯილდოს მფლობელია: 

მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ (2004 წელი, კოსოვო); 

ნატო-ს მედალი კოსოვოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის (2004 წელი);

ამერიკის არმიის ღირსების მედალი (2006 წელი, ერაყი); 

ამერიკული მედალი ბრინჯაოს ვარსკვლავი (2008 წელი, ერაყი);

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (2008 წელი, რუსეთ-საქართველოს ომი);

მედალი 5 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის (2008 წელი);

გენერალი კვინიტაძის მედალი (2009 წელი);

მედალი „სამშობლოსთვის თავდადებული“ (2009 წელი);

მედალი 10 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის (2009 წელი);

ქაქუცა ჩოლოყაშვილის მედალი (2010 წელი);

ნატო-ს მედალი ავღანეთში ჩატარებული ოპერაციებისთვის (2010 წელი);

მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის (2011 წელი);

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2011 წელი);

გენერალ მაზნიაშვილის მედალი (2011 წელი);

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (2012 წელი);

ამერიკის მედალი ბრინჯაოს ვარსკვლავი საბრძოლო (2012 წელი, ავღანეთის I მისიაში მონაწილეობისთვის); 

მედალი საბრძოლო იარისთვის (2012 წელი, ავღანეთი);

მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ (2012 წელი); 

მედალი 15 წლის სამსახურისთვის (2013 წელი)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge