ახალი ამბები

გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის კედელზე ჯვრები მიახატეს

22 თებერვალი, 2018 • 5293
გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის კედელზე ჯვრები მიახატეს

რამდენიმე დღის წინ, წმინდაწყალის დასახლებაში, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის კედლებს ჯვრები მიახატეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის დევნას ნიშნავს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ნეტგაზეთი ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეების ადვოკატს, მიხეილ ქოჩორაშვილს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გორში სამეფო დარბაზს აზიანებენ:

“წინა წლის დასაწყისში სახურავი დააზიანეს. მანამდე, რამდენიმე თვით ადრე, სამეფო დარბაზს გარშემო ჯვრები დაახატეს, როგორც ახლა. ჩვენც გამოძიების დასრულებას ველოდებით ახლა. არ ვიცით, ვინ და რატომ გააკეთა ეს. ბოლო პერიოდში სამ საქმეზეა დაწყებული გამოძიება. ერთი ეხება პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, რომელზეც საჩივარი პროკურატურაში შევიტანეთ. არცერთ საქმეზეა შედეგი დადებული ჯერჯერბოთი.”

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, საგუშაგო კოშკის მოწმეებმა არ იციან, როდის გაჩნდა ეს წარწერები. ცენტრის ინფორმაციით, ზეწოლების გამო იეჰოვას მოწმეებს სახლებს ქირით აღარავინ აძლევდა, რის გამოც 10 წლის წინ წმინდაწყლის დასახლებაში ერთ-ერთი პირველი კერძო სახლი ააშენეს. მალევე იეჰოვის მოწმეების საგუშაგო კოშკის გვერდით გორის ეპარქიამ მართლმადიდებლური ეკლესია ააშენა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამ დრომდე მართლმადიდებლურ მრევლსა და იეჰოვას მოწმეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების რაიმე ფაქტი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას არ დაუფიქსირებია, თუმცა წლების განმავლობაში ძალადობის ფაქტებზე გორის სასამართლოში არაერთი საქმე განიხილეს.

მართლმადიდებლური ეკლესია და იეჰოვას მოწმეების დარბაზი, რომელსაც დაუდგენელმა პირებმა ჯვრები მიახატეს. გორი, წმინდაწყლის დასახლება. 22.02.2018. ფოტო: qartli.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი