ახალი ამბებიხელოვნება

ირაკლი კვირიკაძე ქართულ კინოზე: ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ამბის მოყოლა შეგვიძლია

22 თებერვალი, 2018 • 4570
ირაკლი კვირიკაძე ქართულ კინოზე: ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ამბის მოყოლა შეგვიძლია

მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც ფილმით “მძევლები” გახდა ცნობილი, ამაყობს, რომ ქართული კინოს ახალი ტალღის ნაწილია.

“ქართული კინო მკვდარი იყო სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციის გამო დიდი ხნის მანძილზე, ახლა კი სიცოცხლეს უბრუნდება. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ახალი ტალღის ნაწილი ვარ. ვფიქრობ, ქართველებს ბევრი საინტერესო ამბის მოყოლა და ადამიანის ჩვენება შეგვიძლია. გასულ და წლევანდელ წელს 4 ფილმი ვაჩვენეთ ბერლინალეზე, ეს დიდებულია”, – ამბობს მსახიობი, რომელმაც ინტერვიუ “ბერლინალეს” ფარგლებში მისცა.

მისივე თქმით, ბავშვობიდან სურდა მსახიობობა, თუმცა არა სამსახიობო ოსტატობის სწავლა.  პირიქით, აპირებდა, არქიტექტორი გამხდარიყო და მოსამზადებელ კურსებზე ბრიტანეთში სასწავლებლად გაემგზავრა, მაგრამ საბოლოოდ მიხვდა, რომ მსახიობობა სურდა.

“დედაჩემი არ არის პროფესიონალი მსახიობი, ის მოდელი და მხატვარია, მაგრამ მას ასევე აქვს სამსახიობო გამოცდილებაც. მას დავყვებოდი გადასაღებ მოედანზე, როცა 5-6 წლის ვიყავი და მას მერე მინდა მსახიობობა”, – ამბობს კვირიკაძე.

ფილმ  “მძევლების” მთავარი როლის შემსრულებელი ირაკლი კვირიკაძე ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ “იმედისმომცემ” მსახიობად დაასახელეს. მას სხვა, 9  მსახიობთან ერთად, ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში ჯილდო გადასცეს.

ირაკლი კვირიკაძე “EUROPEAN SHOOTING STARS 2018-ის” მონაწილეა. ის ერთ-ერთია 10 ახალგაზრდა მსახიობიდან, ვინც სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ  დაასახელა, როგორც ყველაზე “ნიჭიერი, იმედისმომცემი მსახიობი ევროპის მასშტაბით, რომელიც მზად არის შეაბიჯოს მსოფლიოს კინოსამყაროში”.

EUROPEAN SHOOTING STARS არის პროექტი, რომლის მიზანიც ახალგაზრდა მსახიობების მხარდაჭერაა. ის 1998 წელს შეიქმნა, 293 მსახიობი აღმოაჩინა და არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიწვია. ამ პროექტის მონაწილეები იყვნენ დენიელ ქრეიგი, რეიჩელ ვაისი, ალისია ვიკანდერი, მათიას შოენაერთსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი