პრესსამსახური: თურქეთისა და საქართველოს ვიცეპრემიერებს ჩაბუქის საკითხი არ განუხილავთ

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ვიცეპრემიერს, მეჰმეთ შიმშეკს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გავლენას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკურ მსგომარეობაზე ახდენს თურქეთის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებაზე საუბრისას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების შანსებსაც გაუსვეს ხაზი, რომლებიც გულისხმობს თურქულ ბაზარზე ცხოველური პროდუქტების კვოტების ფარგლებში ტარიფების გარეშე შესვლას.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე, რომლის გადაცემასაც თურქეთის ხელისუფლება საქართველოს სთხოვს. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიცეპრემიერებს საკითხი არ განუხილავთ.

“თავიდან ბოლომდე ეკონომიკის თემები იყო განხილული. ვაჭრობა იყო ძირითადი განსახილველი თემა და მეორე საკითხი იყო ენერგეტიკა. პოლიტიკური საკითხები არ განხილულა, თორემ ჩვენც გავავრცელებდით ინფორმაციას”, – აღნიშნეს სამინისტროში.


  • 19 თებერვალი: დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერი და მასწავლებელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისის საქალაქო სასამართლომ  წინასაექსტრადიციო პატიმრობისაგან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
  • ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი უთხრა ჩაბუქის ექსტრადიციაზე თურქეთს. პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
  • დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს.
  • 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურებოდა.
  • ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.
  • დემირელის კერძო კოლეჯის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამბობს, რომ იგი პოლიტიკური პატიმარი იყო.
  • “თამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი”, – განუცხადა ჟურნალისტებს მუსტაფა ემრე ჩაბუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 19 თებერვალს.
  • დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან