ახალი ამბები

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს პოზიცია გაუარესდა

22 თებერვალი, 2018 • 2809
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს პოზიცია გაუარესდა

არასამთავრობო ორგანზიაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მაჩვენებელი ორი პუნქტით გაუარესდა. 2017 წლის ანგარიშში საქართველო 56 ქულით 46-ე ადგილს იკავებს მალტასთან ერთად. 2016 წლის ანგარიშში საქართველო 44-ე ადგილს იკავებდა 57 ქულით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის კუთხით გაუარესებულია,  რეგიონშინ ჯერჯერობით კვლავ საუკეთესო შედეგი აქვს. საქართველოს მეზობელ სომხეთს მხოლოდ 35 ქულა და 107-ე ადგილი აქვს, აზერბაიჯანი 122-ე ადგილს იკავებს 31 ქულით, უკრაინა – 130-ე ადგილს 30 ქულით, რუსეთი 135-ე ადგილს 29 ქულით. რაც შეეხება თურქეთს, ის 81-ე ადგილზეა 40 ქულით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, კორუფციის აღქმის ინდექსი აჩვენებს, რომ მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესს ან საერთოდ არ აჩვენებს, ან ეს წინსვლა ძალიან მცირე მასშტაბისაა. გარდა ამისა, სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს, რომ ჟურნალისტები და აქტივისტები კორუფციულ ქვეყნებში თავიანთი სიცოცხლით ყოველდღიურად რისკავენ, რათა ხმა ამოიღონ.

კორუფციის აღქმის ინდექსი 180 ქვეყნის საჯარო სექტორში კორუფციის დონეს ექსპერტებისა და ბიზნესმენების გამოკითხვით ყოველწლიურად აფასებს, რა დროსაც გამოიყენება ქულათა სისტემა 0-დან 100-მდე, სადაც 0 ყველაზე კორუმპირებულს ნიშნავს, 100 კი – საუკეთესო შედეგს. 2017 წლის ანგარიშით, ქვეყნების ორ მესამედს 50-ზე ნაკლები ქულა აქვს, რომელთა საშუალო ქულა არის 43. მსგავსი ცუდი შედეგი მთელი მსოფლიოსთვის სიახლე არ არის.

კორუფციის აღქმის ინდექსში საუკეთესო შედეგი ახალ ზელანდიასა (89 ქულა) და დანიას (88 ქულა) აქვთ, ყველაზე ცუდი კი სირიას (14 ქულა), სამხრეთ სუდანსა (12 ქულა) და სომალის (9 ქულა).

მასალების გადაბეჭდვის წესი