ახალი ამბები

ქართული ოცნების წევრი დეპუტატი მინისტრს აკრიტიკებს

21 თებერვალი, 2018 • 1778
ქართული ოცნების წევრი დეპუტატი მინისტრს აკრიტიკებს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ალავიძეს აკრიტიკებს. მისი თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე საქმიანობაში მინისტრი სათანადოდ ჩართული არ არის.

“გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას, ფაქტობრივად, გადაუარა ფაროსანამ. ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე ამ სხდომას. ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში. ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული. მე მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აზრით, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ვინაიდან ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არ არსებობს,”-აცხადებს ოთარ დანელია.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის გაუგებარია. დავით ალავიძე ამბობს, რომ სხდომას დაახლოებით ერთი საათი ესწრებოდა.

“მობილიზებულები ვართ თავიდან ბოლომდე ფაროსანას წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ.  ერთ წელიწადში ამ პრობლემის მოგვარება ალბათ ძალიან რთული იქნება,”-განაცხადა მინისტრმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი