ახალი ამბებისაზოგადოება

ჰოკეისტები საქართველოდან ▶︎ ვიდეო

22 თებერვალი, 2018 • 4789
ჰოკეისტები საქართველოდან ▶︎ ვიდეო

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 20 სპორტსმენს აერთიანებს. გუნდი ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში 2012 წლიდან ასპარეზობს.

გასულ წელს საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა.

როგორც ფედერაციის გენერალური მდივანი, მიშო დავითაშვილი ამბობს, წელს გუნდი სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება. ნაკრების წევრებს იმედი აქვთ, რომ გამარჯვებას და მეორე დივიზიონში ასპარეზობის გაგრძელებას შეძლებენ.

ამ ეტაპისთვის ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია დაფინანსებას ორი წყაროდან  იღებს – საერთაშორისო დონეზე ჰოკეის ფედერაცია, საქართველოში კი სპორტის სამინისტრო:

“სპორტის სამინისტრომ წელს დაახლოებით 80 000 ლარის ოდენობის ბიუჯეტი დაგვიმტკიცა. მსოფლიო ფედერაციამ კი 33 000 დოლარი გამოგვიყო. ფედერაციიდან მიღებული თანხით ნაკრების წევრებისთვის ეკიპირება შევიძინეთ, ვატარებთ ეროვნულ ჩემპიონატს.  ხოლო სპორტის სამინისტროდან გამოყოფილი თანხა ძირითადად მოხმარდება ავიაბილეთებს და ეროვნული ნაკრების შეკრებას ქალაქ ბათუმში, რომელსაც  გამგზავრებამდე გავივლით”, – ამბობს საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივანი.

როგორც ფედერაციაში აცხადებენ, საქართველოში არსებული ყინულის მოედნებიდან, სტანდარტებს ზომის თვალსაზრისით, მხოლოდ ბათუმში მდებარე მოედანი აკმაყოფილებს. ასევე არის ბუნებრივ პირობებზე დამოკიდებული ყინულის მოედანი ბაკურიანში, რომელიც მხოლოდ ზამთრის სეზონზე ფუნქციონირებს:

“ზამთარი რომ იწყება, ბაკურიანელები, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელი გოჩა ჯეირანაშვილი  ყინულის მოედანს ამზადებენ და მთელი ზამთრის განმავლობაში უვლიან” – ამბობს დავითაშვილი.

თბილისში არსებული მცირე ზომის ყინულის მოედანი კი სტანდარტული ზომის მესამედია, რის გამოც აქ ეროვნული ნაკრები სრულფასოვნად ვარჯიშს ვერ ახერხებს და ტურნირის წინ მოსამზადებლად ბათუმში გამგზავრება უწევთ:

“გვაქვს პატარა ზომის ორი მოედანი ქალაქ თბილისში და ქალაქ ბათუმში, რომელიც  თუ არ ვცდები, სტანდარტული ზომის მესამედია. ბავშვებისთვის კარგია, რომ ყინულზე დაიწყონ სრიალი, თუმცა ეროვნული ნაკრების სრულფასოვნად ვარჯიში აქ შეუძლებელია” – ამბობს ფედერაციის გენერალური მდივანი და ნაკრების წევრი მიშო დავითაშვილი.

როგორც ფედერაციაში ამბობენ, თბილისის ყინულის მოედანი ჰოკეის უთმობს კვირაში 3 დღეს. აქედან ორი დღე მოედანზე ბავშვები ვარჯიშობენ, 16 წელს ზემოთ მოთამაშეები კი ოთხშაბათობით იკრიბებიან:

“ვარჯიში გრძელდება საათნახევდირან ორ საათამდე. ამ თანხას ვაგროვებთ ყოველთვე გარკვეულ გადასახადით, რითაც ვიხდით ყინულის მოედნის იჯარას. თბილისში ვინც დადის ყინულის მოედანზე და ვარჯიშობს, ყველა იხდის გადახსახადს” – ამბობს დავითაშვილი.

როგორც დავითაშვილი ამბობს, საკუთარი ყინულის მოედანი ფედერაციისთვის დიდი ფუფუნება იქნებოდა, თუმცა ყინულის მოედნის იჯარის გადახდის ნაცვლად, შეიძლება თანხა ეკიპირებაზე მიემართათ:

“ეკიპირება 16 წლამდე ბავშვს, ე,წ. ჯუნიორს რომ ჩავაცვათ,  დაახლოებით 1500 დან 2000 ლარამდე სჭირდება. სენიორზე რომ ვისაუბროთ, ეროვნული ნაკრების მოთამაშეების ფორმებზე 1500 დოლარია საჭირო, რომ კარგი ხარისხის ფორმა ეცვას მოთამაშეს და თუ შაიბა მოხვდება ან წაიქცევა, არ დაზიანდეს, ჩვეულებრივად ადგეს და გააგრძელოს თამაში.

უმაღლესი დონის ციგურები რომ შევიძინოთ, 600 დან 900 დოლარამდე ღირს. ყველაფერს ვიწერთ ამერიკიდან, ამას ემატება ტრანსპორტირება, განბაჟება და ა.შ.” – ამბობს დავითაშვილი.

“ვერ ვიტყვი, რომ არ არის დაინტერესება. ერთი პრობლემა, რაც არის, ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას. მწირი ფინანსების გამო არ გვაქვს აღჭურვილობა, რომ გადავცეთ ბავშვებს.

თბილისში, ყინულის მოედანზე ბავშვები რომ მოდიან, რამდენიმეს უარს ვეუბნებით, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ზომის ციგურები და ჩაფხუტი, რომ ჩავაცვათ ბავშვს და ყინულზე დაცემის შემთხვევაში არ დაიზიანოს რამე. აქედან გმაომდინარე, ფინანსები რომ გაეზარდოს ამ სპორტს, მისი მასობრიობაც გაიზრდება” – ამბობს დავითაშვილი.

ნიკა კასრაძე ჰოკეის ეროვნული ნაკრების წევრია. როგორც ის ამბობს, ამ სპორტს 10 წლიდან მისდევს. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ნაკრებში თამაშობს და მწვრთნელთან ერთად ბავშვებს ავარჯიშებს:

“თავიდან ყინულის მოედანზე უბრალოდ სასრიალოდ მოვედი. შემდეგ გავიგე, რომ ჰოკეი არსებობდა საქართველოში, მამაჩემსაც უყვარდა ეს სპორტი, მეც მომეწონა და 11 წელია ვთამაშობ” – ამბობს კარსაძე.

ნიკა “ყინულის რაინდების” წევრია. მისი გუნდი ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულ ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.

2007 წლიდან საქართველოში ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატიც ტარდება. მასში მონაწილეობას 4 გუნდი იღებს. წელს კი პირველად ტარდება 18 წლამდელთა სატესტო ჩემპიონატი, სადაც სამი გუნდი ასპარეზობს – ბათუმის, ქუთაისის და თბილისისსა და ბაკურიანის გაერთიანებული გუნდები. როგორც ფედერაციაში ამბობენ, მომავალი წლიდან 18 წლამდელთა ჩემპიონატიც ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ჰოკეის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ საქართველო 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პრეტენდენტი გახდება და თუ მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მომავალი 12 წლის განმავლობაში საქართველოში ყინულის მოედნების მშენებლობა დაიწყება:

“უკვე დაწყებულია დაბა ბაკურიანში და ასევე ბათუმში არის დაგეგმილი ყინულის მოედნის აშენება. ეს ორი ყინულის მოედანი მოგვცემს საშულებას, რომ გავზარდოთ თაობა, რომელიც ოლიმპიადასაც ითამაშებს” – ამბობს დავითაშვილი.

მანამდე კი, 14 აპრილს, საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება:

“აპრილში მსოფლიო ჩემპიონატზე მიდვიართ. კარგი მოლოდინები გვაქვს, ჩვენი ბიჭები სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ. წელს ჩემპიონობის იმედი გვაქვს, მეორე დივიზიონში გვინდა გადასვლა” – ამბობს ნაკრების წევრი თემურ ვედიაპინი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი