$4 მილიონი და ტელეკომპანია პირველის “მოგვარებული პრობლემა”

ტელეკომპანია “პირველის” მფლობელი ამ დრომდე საჯაროდ არ საუბრობს, კონკრეტულად როგორ მოაგვარა პრობლემა, რომელიც, მისივე თქმით, ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკასა და მომავალს საფრთხეს უქმნიდა. თუმცა “ნეტგაზეთმა” მიაკვლია დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ “პირველის” მფლობელმა, სულ მცირე, ერთი მილიონი აშშ დოლარი მიიღო მისი ბრალდების მთავარი ადრესატისგან, ბიზნესმენ თემურ უგულავასგან. გარდა ამისა, საქმეში კიდევ ჩანს $3 მილიონი, რომელიც თემურ უგულავამ კონკრეტული კომპანიის წილის შესაძენად იმ დროს გადაიხადა, როცა “პირველის” მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა მას ბრალდებები დახურულ შეხვედრებზე წაუყენა.   

ვახტანგ წერეთელი ამავე შეხვედრებზე ამბობდა, რომ 2017 წლის ზაფხულში“პირველის” გარშემო გაჩენილ პრობლემებში პირდაპირ იყვნენ ჩართული იმდროინდელი განათლების მინისტრი და ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა და ასევე ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ალექსანდრე ჯეჯალავასა და დიმიტრი ქუმსიშვილის როლი

ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ, რომელიც ესწრებოდა დახურულ შეხვედრას, “ტვ პირველის” საქმის შესახებ “რუსთავი 2-ის” ეთერში ვახტანგ წერეთლის მონაყოლზე ისაუბრა.

„ბატონმა ჯეჯელავამ უთხრა ვატო წერეთელს, რომ დიდი ხანია გიყურებთ. ვფიქრობთ, რა მოგიხერხოთ. თქვენ ხართ ავადმყოფივით, რომელიც ლოგინში წევს. აქ იგულისხმება, ალბათ, ის, რომ ჯერ პატარა რეიტინგი აქვს და ვფიქრობთ, რომ აქვე გაგანადგუროთ ლოგინშივე, თუ დაგტოვოთ ასე და როგორც დემოკრატიის შირმა, იყოთ, ოღონდ ამის ზემოთ არ გაგიშვათ,“ – თქვა ნინია კაკაბაძემ.

გარდა ამისა, ვახტანგ წერეთლისვე თქმით, ქუმსიშვილი გეგმავდა ტელეკომპანია “პირველთან” დაკავშირებულ შეხვედრას, რომელსაც უნდა დასწრებოდნენ წერეთელი და თემურ უგულავა.

16 თებერვალს თბილისში გამართულ მედიაკონფერენციაზე არხის ჟურნალისტებმა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა შექმნილ პრობლემაზე საჯაროდ პირველად ისაუბრეს. ჟიჟილაშვილის თქმით, მათ მიმართ მოდიოდა “სიგნალები”:

“ეს საკმაოდ შემაშფოთებელი სიგნალები იყო, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ხელისუფლებას არ აქვს კომფორტი, რომ ბაზარზე არსებობს პატარა, მაგრამ საკმაოდ სოლიდური საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი დამოუკიდებელი მედიასივრცე”. ნინო ჟიჟილაშვილმა ასევე თქვა, რომ ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვთ, თუმცა ტელეარხისთვის “ბარიერები მოხსნილია” და ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ჟურნალისტებსა და არხის მენეჯმნტს არაფერი უთქვამთ “პრობლემის მოგვარების” კონკრეტულ დეტალებზე.

ალექსანდრე ჯეჯელავამ “ლიბერალს” უთხრა, რომ ამ ბრალდებებზე საუბარს არ აპირებდა. რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილს, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ბრალდებები “ტვ პირველის” წილების განაწილების საქმეში მინისტრის რაიმე ფორმით ჩართულობის შესახებ, სიცრუეა. პრესსამსახურისვე განმარტებით, დიმიტრი ქუმსიშვილი, როგორც ეკონომიკის მინისტრი, სხვადასხვა ფორმატში ხვდება ბიზნესმენებს, მათ შორის, ბიზნეს-ასოციაციასაც, თუმცა მედიაში ჩარევა და წილებზე საუბარი ამ შეხვედრების თემა არ არის. დიმიტრი ქუმსშივილი საქართველოში დღეს საღამოს ბრუნდება, რის შემდეგაც, შესაძლოა, მან პირადად გასცეს პასუხი აღნიშნულ ბრალდებებს.

როგორ გამჟღავნდა ტელეკომპანია “პირველის” პრობლემა

ტელეკომპანია “პირველის” 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ვახტანგ წერეთელია. სწორედ ის, არხის წამყვან ჟურნალისტებთან ერთად, 2018 წლის 8 თებერვალს შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა დროსაც ტელეარხის ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” დირექტორმა ნატა ძველიშვილმა “ნეტგაზეთს” ვახტანგ წერეთლის მონაყოლის მიხედვით უთხრა, “პირველის” პრობლემები დაიწყო 2017 წლის ზაფხულში. საქმე ეხებოდა იმ ბიზნესს, საიდანაც ხდებოდა ტელევიზიის სუბსიდირება, ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული პრობლემის გამო კი ტელევიზიამ ეს სუბსიდია დაკარგა.

8 თებერვლის შეხვედრაზე იმყოფებოდა ჟურნალისტი ნათია კუპრაშვილიც. მისი თქმით, ვახტანგ წერეთელმა მათ უთხრა, რომ “აჭარაბეთში” არაოფიციალურად ფლობდა წილს. იმ პირს, ვისზეც წერეთლის წილი იყო გადაფორმებული, შეეცვალა გეგმები, რის გამოც დაკარგა ის შემოსავალი, რომლითაც აფინანსებდა ტელეკომპანია პირველს.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ვახტანგ წერეთელმა ასევე თქვა, რომ ბიზნესმენი თემურ უგულავა მისგან ითხოვდა ტელეკომპანია “პირველის” წილების დათმობას იმგვარად, რომ მას ჰქონოდა დირექტორის დანიშვნისა და, შესაბამისად, მართვის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წერეთელი დაკარგავდა თავის წილს “აჭარაბეთში”. ვახტანგ წერეთლისვე თქმით, შემოსავლების დაკარგვასთან ერთად, არსებობდა “პირველის” შენობისა და თავისი პირადი საცხოვრებელი სახლების დაკარგვის საფრთხეც, რადგან ყველა შენობა-ნაგებობა იპოთეკით იყო დატვირთული. დახურულ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ტელეკომპანია “პირველის” მფლობელისა და ბიზნესმენ თემურ უგულავას დაპირისპირებაში ჩართული იყვნენ ვიცეპრემიერები, დიმიტრი ქუმსიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა.

“პირველის” წარმომადგენლები, არასამთავრობოების პარალელურად, ხვდებოდნენ დიპლომატიურ კორპუსს და ესაუბრებოდნენ შექმნილ პრობლემაზე. მათ ასევე თქვეს, რომ ტელეარხის მფლობელი ორშაბათს, 12 თებერვალს, საჯაროდ იტყოდა ამ პრობლემების შესახებ. ნატა ძველიშვილის თქმით, ვახტანგ წერეთელმა თქვა, რომ მას ჰქონდა ვიცეპრემიერების ჩართულობის მტკიცებულებები, რომელსაც გააცნობდნენ საზგადოებას.

თუმცა, კვირას, 11 თბერვალს, ტელეარხის მფლობელი ისევ შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. როგორც “ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, არხის მფლობელმა თქვა, რომ “პრობლემა მოგვარდა”, რადგან ვალად უღიარეს წილი და შენობები, რომლებიც სხვა ბიზნესში ჰქონდა ჩადებული. გარდა ამისა, დღის წესრიგიდან მოიხსნა ტელეკომპანია “პირველის” წილის გაყიდვის შეთავაზების კონტრაქტიც, რომელიც, მისივე თქმით, 2018 წლის იანვარში მიიღო.

12 თებერვალს დაანონსებული საჯარო საუბარი არ შედგა. არხის ჟურნალისტებმა თბილისში 16 თებერვალს გამართულ ღონისძიებაზე გაასაჯაროეს შესაძლო ზეწოლის დეტალები.

რა მოხდა 10 თებერვალს?

არასამთავრობოებთან პრობლემებზე საუბრისა და საჯარო განცხადების დაანონსებიდან 2 დღეში, 10 თებერვალს, საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ბიზნესმენ თემურ უგულავასა და “პირველის” მფლობელ ვახტანგ წერეთელს შორის.

სწორედ 10 თებერვალს თემურ უგულავამ ვახტანგ წერეთლისგან ერთ მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა შპს “ს ინვესტის” წილის 50%. რის შემდეგაც აღნიშნული კომპანიის 50% წილის მფლობელად ოფიციალურად დარეგისტრირდა თემურ უგულავა. დანარჩენი 50% წილის მფლობელი კი უცვლელი დარჩა – ის ბიზნესმენი თენგიზ ფერაძეა. 

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით,  თენგიზ ფერაძეს ნათესაური კავშირი აქვს როგორც თემურ უგულავასთან, ისე – ვახტანგ წერეთელთან და მის მამასთან, ავთანდილ (ჭუტა) წერეთელთან. საჯარო რეესტრის მიხედვით, მამა-შვილი წერეთლები ფერაძესთან ერთად წლების განმავლობაში არაერთ კომპანიას ფლობდნენ და, შესაბამისად, ბიზნესპარტნიორები იყვნენ. თენგიზ ფერაძეს მჭიდრო ბიზნესკავშირები აქვს ბიზნესმენ თემურ უგულავასთანაც. ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით, სწორედ თენგიზ ფერაძეა ვახტანგ წერეთლის მიერ მინდობილი ის პირი, რომელიც “აჭარაბეთში” ფლობდა წერეთლის წილს და რომლის გეგმებისა და დამოკიდებულების ცვლილებაზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე არასამთავრობოებთან.

“აჭარაბეთი” შპს “ს გემბლინგ ჰოლის” სავაჭრო ნიშანია. აღნიშნული კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი 2018 წლის 10 თებერვლამდე თენგიზ ფერაძე იყო. “ს ინვესტის” მსგავსად, თემურ უგულავამ სწორედ 10 თებერვალს შეიძინა “ს გემბლინგ ჰოლის” (“აჭარაბეთი”) წილის 50% პროცენტი, რაშიც გადაიხადა 3 მილიონი აშშ დოლარი. 

თემურ უგულავას მიერ “ს გემბლინგ ჰოლის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

“ს ინვესტისა” და “ს გემბლინგ ჰოლის” წილების ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ გარიგების თანხა, ჯამში, 4 მილიონი აშშ დოლარი, გადახდილია ხელშეკრულების გაფორმებამდე. აქედან ერთი მილიონი პირდაპირ ვახტანგ წერეთელს გადაეცა, 3 მილიონი კი, თენგიზ ფერაძეს, რომელიც ფორმალურად ფლობდა წერეთლის არაოფიციალურ წილს. ამ დროისათვის უცნობია, სად წავიდა აღნიშნული $3 მილიონი, თუმცა ცნობილია, რომ ამ გარიგებებიდან მეორე დღეს, 11 თებერვლის შეხვედრაზე, არასამთავრობოებს წერეთელმა უთხრა, რომ თემურ უგულავასთან ყველა სადავო ბიზნესზე მორიგდა და მასთან არაფერი აკავშირებდა.

კომპანია “ს ინვესტის” შექმნისა და ყიდვა-გაყიდვის მრავალწლიანი ისტორია ადასტურებს, თუ რა მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ერთმანეთთან თენგიზ ფერაძეს, თემურ უგულავასა და მამა-შვილ წერეთლებს.  “ს ინვესტის” წილების მყიდველებიც და გამყიდველებიც წლების განმავლობაში მხოლოდ ვახტანგ და ავთანდილ წერეთლები, თემურ უგულავა და თენგიზ ფერაძე იყვნენ. მსგავსი რამ ხდებოდა კომპანია “ს გემბლინგ ჰოლთან” (“აჭარაბეთი) დაკავშირებითაც.

დაპირისპირება თენგიზ ფერაძესა და ვახტანგ წერეთელს შორის

პარტნიორებთან დაპირისპირება, რომლის შესახებაც ტელეკომპანია “პირველის” მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა არასამთავრობოებთან ისაუბრა, დოკუმენტურადაც დასტურდება.

2017 წლის 28 ნოემბერს თბილისში გაიმართა “ს ინვესტის” პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ვახტანგ წერეთლისა და თენგიზ ფერაძის წარმომადგენლები. კრების მიზანი წესდების შეცვლა, მეორე დირექტორის დანიშვნა და ელექტრონული ფოსტის შეცვლა იყო.

შპს “ს ინვესტის” 2017 წლის 18 ნოემბრის კრების ოქმი.

კრების ოქმის მიხედვით, რომელიც “ნეტგაზეთმა” მოიძია, წერია, რომ “ს ინვესტს” ჰყავს ორი თანაბარუფლებიანი მფლობელი (ვახტანგ წერეთელი 50% და თენგიზ ფერაძე 50%), წესდება კი არ ასახავს ორივეს ინტერესებს, რაც ქმნის “უხერხულ მდგომარეობას”.

როგორც დოკუმენტში წერია, ვახტანგ წერეთლის წარმომადგენელმა თქვა, რომ კომპანიის იურიდიული მისამართიდან თვითნებურად გატანილია დოკუმენტაცია, ადგილზე არ არიან ბუღალტერი და დირექტორი.

“პარტნიორი ვახტანგ წერეთელი დირექტორისგან ვერ იღებს ვერანაირ ინფორმაციას. დირექტორი მალავს “ს ინვესტის” დღევანდელი საქმიანობისა და დოკუმენტების ადგილსა და ა.შ. დირექტორი ბესიკ ოქროპირიძე კი წარმოადგენს მხოლოდ თენგიზ ფერაძის ინტერესებს, რაც ბადებს ეჭვებს”, – წერია კრების ოქმში. აღნიშნული კრება დროში ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც, ვახტანგ წერეთლის თქმით, ხელისუფლება, პარტნიორებზე ზეწოლით, ტელეკომპანია “პირველზე” ზემოქმედებას ცდილობდა.

თემურ უგულავასა და მამა-შვილ წერეთლების ბიზნესი

თემურ უგულავა

თემურ უგულავა ცნობილი ბიზნესმენია, რომელიც საქართველოში უკვე წლებია ათეულობით კომპანიას ფლობს. უგულავას მფლობელობაშია “რუმსის” სასტუმროების ქსელი, ტოტალიზატორი “აჭარაბეთი”, ჰოსტელი “ფაბრიკა”, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”, სპორტის სასახლე, საფეხბურთო კლუბი “იმედი”, გადამზიდავი კომპანია ტრანსპორტერი, სამშენებლო კომპანია “დელტა” და ა.შ.

ავთანდილ (ჭუტა) წერეთელი,უგულავას მსგავსად, არაერთი კომპანიის მეწილეა, მათ შორისაა “კაზინო აჭარაბეთი”, სავაჭრო ფართები, საფეხბურთო კლუბი იბერია 2003, ბელგიური შოკოლადის მაღაზია “რიზალი სამბარი”, არქიტექტურული სამშენებლო სტუდია “პირველი”, გამომცემლობა “საარი” და ა.შ.

ვახტანგ (ვატო) წერეთელი ტელეკომპანია “პირველის” ერთადერთი მფლობელია. გარდა ტელევიზიისა, ის ფლობს წილებს ტურისტული კომპანია “ნაით ოფის თრეველში”, ბიზნესცენტრ “მწვანე ოფისში”, საგადასახადო საკონსულტაციო სამსახურ “ბი–სი–ბი–ში”, სარეკლამო კომპანიაში “იბერია სტარს პროდაქშენ” და ა.შ.  

ვახტანგ წერეთელი. ფოტო: კადრი ვიდეოდან/მაესტრო

პასუხგაუცემელი კითხვები

“ნეტგაზეთი” ეცადა, მხარეებთან გაერკვია შექმნილი ვითარების კონკრეტული დეტალები. მაგალითად, რატომ შეიძინა თემურ უგულავამ მაინცდამაინც 10 თებერვალს “ს ინვესტისა” და “ს გემბლინგ ჰოლის” წილები $4 მილიონად. თენგიზ ფერაძისთვის გადახდილი $3 მილიონი ნამდილად მიიღო თუ არა ვახტანგ წერეთლმა და თუ ეს ასე მოხდა, რა გზითა და საშუალებით. ჩვენ ასევე გვაინტერესებდა, დამატებით არსებობს თუ არა რაიმე გარიგება პარტნიორებს შორის, რომელიც “ნეტგაზეთმა” ვერ მოიპოვა და რომელმაც ვახტანგ წერეთელს მისცა საშუალება ეთქვა, რომ ტელეკომპანია “პირველთან” დაკავშირებული “პრობლემები მოგვარდა”.

ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით ვერ მოვიპოვეთ. თუ აღნიშნული მოხერხდა, “ნეტგაზეთი” მას დაუყონებლივ შემოგთავაზებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.