ახალი ამბები

პარლამენტი ცრუ შეტყობინების ავტორებს სასამართლოში უჩივლებს

17 სექტემბერი, 2013 • 991
პარლამენტი ცრუ შეტყობინების ავტორებს სასამართლოში უჩივლებს

უსუფაშვილის განცხადებით, ბოლო ხანებში სამჯერ მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობის დაცლა ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინების გამო:


“ჯამში, პარლამენტის ნორმალური ფუნქციობა შეწყდა 15 საათის განმავლობაში, რამაც მორალურ-პოლიტიკურთან ერთად პარლამენტს, წინასწარი მონაცემებით, მიაყენა 50 000 ლარამდე ოდენობის ქონებრივი ზიანი”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.


პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია 112-ში პირველად 2013 წლის 26 ივლისს შევიდა, რისთვისაც ბრალიდ წარედგინა 71 წლის, ქუთაისში მცხოვრები ომარ ფ.-ს.


მეორე შემთხვევა 6 სექტმბერს დაფიქსირდა, 20:40 საათზე, როდესაც 112-ს პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება არასრულწლოვანმა მიაწოდა.


ხოლო მესამე შემთხვევას ადგილი ჰქონდა 16 სექტმბერს, 14:38 საათზე. აღნიშნულ ფაქტზე 19 წლის, აბაშის მკვიდრი ოთარ ჯ. დააკავეს.


სამივე შემთხვევაში გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


“მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, პარლამენტს მიაწოდოს ცრუ შეტყობინების ავტორთა (არასრულწლოვნების შემთხვევაში, მათი მშობლების) მონაცემები, რათა, საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად, მომზადდეს სამოქალაქო სარჩელი პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი