ახალი ამბები

ილია მეორეს სახის ნერვის ანთება აქვს – ექიმი ცისანა შარტავა

21 თებერვალი, 2018 • 9859
ილია მეორეს სახის ნერვის ანთება აქვს – ექიმი ცისანა შარტავა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, რომელიც ბოლო პერიოდში რამდენიმე ღონისძიებას არ დაესწრო, უკვე ერთი კვირაა, რაც სახის ნერვის ანთება აქვს. ინფორმაცია ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “ნეტგაზეთმა” ილია მეორის პირადი ექიმისაგან, ცისანა შარტავასაგან მიიღო.

ილია მეორე ვერ დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება”. კონფერენცია 12 თებერვალს გაიმართა და  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

როგორც ექიმი ცისანა შარტავა განმარტავს, სიმპტომები , მათ შორის სახის ასიმეტრია, ილია მეორეს უკვე ერთი კვირაა რაც აქვს. გარდა ამისა, ის განმარტავს, რომ დეკემბერ-იანვრის თვეში ხშირი გაციებების გამო ილია მეორეს იმუნიტეტი შეუსუსტდა, რის გამოც ამ პერიოდში საკვირაო წირვებს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი, ტახტის მოსაყდრე შიო ატარებდა.  

“ნერვის ანთება გაციების შედეგია. აქ ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან პრობლემები გამორიცხულია.  ვიცით, რომ ხალხი ღელავს და კითხულობს, თუ რას სჭირს მას. მაგრამ, საბედნიეროდ, იმ მიზეზებს შორის, რასაც ეს შეიძლება გამოეწვია, პატრიარქს ყველაზე იოლი აქვს…  ნერვის გაციება ერთ-ერთმა ვირუსმა გამოიწვია, თუმცა, არა იმ საშიში ვირუსთაგან ერთ-ერთმა, რომლებსაც უფრო სერიოზული დაზიანება შეიძლება მოჰყოლოდა. გამოკვლევებით ყველა ასეთი ვირუსი გამოირიცხა, დარჩა რაღაც გაურკვეველი ვირუსი, რომელიც სახიფათო არაა დ , სავარაუდოდ, 1-2 კვირაში შედეგი უკვე უნდა გვქონდეს”, – განმარტავს ექიმი.

ცისანა შარტავას თქმით, თუ ილია მეორის მდგომარეობა, მათ შორის ვიზუალური მხარე, 2 კვირაში თავისით არ გამოსწორდება, მცირე ფიზიოლოგიური თერაპია იქნება საჭრო.

“განსაკუთრებული მკურნალობა მას არ სჭირდება, ჯერ ვაკვირდებით ორი კვირა, ამ დროის განმავლობაში შეიძლება თვითონ გაქრეს ეს მდგომარეობა” – აღნიშნავს ცისანა შარტავა.

ექიმის თქმით, ამ დროისთვის ილია მეორეს რაიმე მედიკამენტოზური ჩარევა არ სჭირდება. შარტავას განმარტებით, ორი დღის წინ მას ყოველწლიური გეგმური გამოკვლევა თოდუას სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი