ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არასაკმარისი 30 წელი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად

21 თებერვალი, 2018 • 3682
არასაკმარისი 30 წელი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად

ოლესია ვართანიანი, “საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის” წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში


30 წლის წინ სომხეთთან შეერთების მიზნით ყარაბაღელი სომხების მოძრაობა დაიწყო, რამაც აზერბაიჯანში, ყარაბაღის ტერიტორიაზე იმ დაპირისპირებას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც დღემდე ბოლო არ უჩანს.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ყარაბაღის მთავარ ქალაქებში ქუჩის აქციები იმართება. ასობით ადამიანი ტრანსპარანტებით, დროშებითა და სხვა საპროტესტო ატრიბუტიკით, 30 წლის წინანდელი გამოსვლების მოსასმენად იკრიბება. ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე სპიკერი ტრიბუნიდან ყვირის “მიაცუმ” [სომხურიდან – გაერთიანება], შეკრებილები ერთხმად იმეორებენ მთავარ ლოზუნგს, რომელიც ეხება აზერბაიჯანისგან ყარაბაღის გამოყოფასა და სომხეთთან მიერთებას,  და მუშტად შეკრული ხელის აწევას იწყებენ.

აქციები ყარაბაღში; ფოტო: მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეს აქციები იმ მოვლენების ხელახალი განვითარების მცდელობაა, რომელიც 1988 წელს ყარაბაღში დაიწყო. მაშინდელმა მიტინგებმა ადგილობრივი სომხები შეიარაღებულ დაპირისპირებამდე, მოგვიანებით კი აზერბაიჯანთან ომამდე მიიყვანეს. კონფლიქტი დღემდე გადაუჭრელია და სამხრეთ კავკასიის მთელი რეგიონი იმ შიშით ცხოვრობს, რომ ფრონტის ხაზზე მომხდარი მცირე ინციდენტიც კი შეიძლება გარკვეულ მომენტში ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს, მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლითა და რუსეთისა და თურქეთის შესაძლო ჩარევით.

უცხო ადამიანს ყარაბაღის ამჟამინდელი აქციები, შესაძლოა, უცნაურადაც მოეჩვენოს და მარტივად დაუკავშიროს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროპაგანდისტულ სვლებს. თუმცა, როგორც არ უნდა შეფასდეს მიმდინარე ამბები, ამდენი წლის შემდეგ ყარაბაღის სომხურ მოსახლეობას შორის რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ყარაბაღის მოძრაობა შეცდომა იყო.

მთისა და ბარის დაპირისპირება

ყარაბაღში უამრავი ძეგლი და რელიგიური დანიშნულების ადგილია, რომელიც ბევრი სომეხისა და აზერბაიჯანელისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ორი ერის კულტურაში, ისტორიასა და ლიტერატურაში ამ რეგიონიდან მომდინარე ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია აღსანიშნავი.

ჯერჯერობით ვერავინ შეძლო ამ რეგიონის ისე დაყოფა, რომ სრულად დააკმაყოფილოს ორივე ხალხის პრეტენზია. რუკაზე საზღვრების მონიშვნით პოლიტიკური უთანხმოება დროთა განმავლობაში მხოლოდ ღრმავდებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას საფუძვლიანი და სტაბილური თანაცხოვრების დაწყების საშუალებას არ აძლევდა.

ყარაბაღის დაყოფის ერთ-ერთი ბოლო მცდელობა სტალინს ჰქონდა. მისი ბრძანებით რეგიონის მთიანი ნაწილი, რომელიც ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული, ავტონომიურ მხარედ ჩამოყალიბდა, – შეზღუდული, თუმცა მაინც გარკვეული დონის სუვერენიტეტით აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების სასარგებლოდ. მის გარშემო არსებული ტერიტორია რაიონებად დაიყო, აზერბაიჯანული მოსახლეობითა და ბაქოს უშუალო მმართველობის ქვეშ.

მოსკოვის ცენტრალური მმართველობის დროს აღნიშნულმა დაყოფამ მხარეებს საკუთარი პრეტენზიების დროებითი დაკმაყოფილების საშუალება მისცა. თუმცა, როგორც კი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მართვის სისტემა მთლიანად მოირყა, ადრინდელმა უთანხმოებამ მაშინვე იჩინა თავი.

ყველაფერი გადრუთით დაიწყო – რეგიონის მთიანი ნაწილის სამხრეთ კიდეში მდებარე პატარა ქალაქით. უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ამ ადგილმა მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა ჯერ რუსეთის იმპერიის დასაწყისში, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის პერიოდში – ირანთან საკუთარი სამხრეთი საზღვარი რომ დაეცვა.

ამ პატარა, მდინარის გასწვრივ გაშენებულ ქალაქში, სადაც აღმოსავლური არქიტექტურის სტილში სახლები მთებზეა მიმაგრებული, ყარაბაღის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, დღემდე უფრო ხშირად შეიძლება შევხვდეთ რუსული ენის მცოდნე ადამიანებს. ყარაბაღის მოძრაობის ყველა მთავარი ლიდერიც წარმოშობით აქედანაა. იმ მოძრაობისა, რომელთა აქციებმაც 1988 წელს ჯერ სომხეთში მრავალრიცხოვანი გამოსვლების, შემდეგ კი აზერბაიჯანთან ომის პროვოცირება მოახდინა.

სამოციოდე წლის ადგილობრივი მცხოვრები არტური,იმ ახალგაზრდებს შორის იყო, რომლებიც 1980 წლებში აქტივისტთა ჯგუფებს აყალიბებდნენ.

“[თავიდან] ელემენტარულს ვითხოვდით – ტელეანძას, რათა ფეხბურთისთვის სომხური კომენტარებით გვეყურა”, – იხსენებს არტური. საყოფაცხოვრებო კონფლიქტები საკმაოდ მალე, გადაიზარდა პოლიტიკური მოთხოვნებში და ღია წინააღმდეგობაში.

“როდესაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ჩვენი დაბარება დაიწყეს, მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ არის. ისტორიის შესახებ წიგნები წავიკითხე და იმაზე ფიქრი დავიწყე, ღირს კი ცხოვრების ისე გაგრძელება, როგორც ჩვენი მამები და პაპები ცხოვრობდნენ? ეს იყო შინაგანი ბრძოლა, სადაც ჩემთვის გადავწყვიტე, რომ ისტორიის შეცვლის შანსი დადგა”.

დაძაბულობის ზრდასთან ერთად ქალაქსა და უახლოეს აზერბაიჯანულ სოფლებში იარაღი შედიოდა, თავიდან საბჭოთა სამხედრო დანაყოფებიდან, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეფორმირება დაიწყო. არტური იხსენებს, რომ შეიარაღების ნაწილი იყიდებოდა, ნაწილი კი ორივე მხრიდან იმ ადგილობრივ დაჯგუფებებს მიჰქონდათ, რომლებიც იმ დროისთვის უკვე აღარავის ექვემდებარებოდნენ.

[red_box]მიუღებელი მოთხოვნები[/red_box]

ფართომასშტაბიანი ომი ყარაბაღის სხვა მხარეში, აღდამთან ახლოს, 1992 წელს დაიწყო. შეირაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ორწლინახევრის თავზე და ომიდან ორი ათწლეულის შემდეგ, რეგიონის ეს ყველაზე მსხვილი ქალაქი ამ დრომდე ნანგრევებადაა ქცეული. ოდესღაც ეთნიკური აზერბაიჯანელების საცხოვრებელი სახლების ნანგრევების გასწვრივ რამდენიმე კილომეტრზე მიწაა დაყრილი.

აღდამი არ ყოფილა ავტონომიური რეგიონის ნაწილი. ეს ადგილი, ისევე როგორც ყარაბაღის მთიანი ნაწილის ირგვლივ სხვა ექვსი დაბლობი რაიონი, სომხურმა ჯარებმა აიღეს და 1994 წლიდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის დროიდან აკონტროლებენ.

სომხურ მხარესთან მოლაპარაკებებში ბაქოს პირველადი მოთხოვნა სწორედ ბარის აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნებაა. კონფლიქტის ზონის ამ ტერიტორიიდანაა 700 ათასი აზერბაიჯანელი დევნილიც. ბაქო მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ზონის ეს შვიდი რაიონი “ოკუპირებული ტერიტორიაა”, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა 1990- იან წლებში შეიარაღებული დაპირისპირების დროს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას.

ბარის ტერიტორიების თუნდაც ნაწილის დაბრუნების სანაცვლოდ, ბაქო მზადაა,  საზღვრები გაიხსნას და სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა დაიწყოს. ამ პროცესში ჩასართავად მზაობას თურქეთიც გამოთქვამს.

თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ მსგავსი მიმზიდველი ეკონომიკური პერსპექტივები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შეიარაღებული დაპირისპირება შეწყდეს და ხალხმა მშვიდობიანი თანცხოვრება დაიწყოს. სომხეთში შიშობენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური პროექტი ადვილად შეიძლება გადაიხედოს, საზღვრები კი დაიკეტოს.

თავად ყარაბაღში კი არ სჯერათ, რომ ბაქო მზად არის, მხოლოდ ზოგიერთი ტერიტორიით დაკმაყოფილდეს. აზერბაიჯანის შემადგენლობაში და მის ცენტრალურ მმართველობაში ყოფნისთვის ყარაბაღელი სომხები სრულებით არ არიან მზად. ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების პერსპექტივას, რომელიც ერევნისთვისაა შეთავაზებული, ბაქო კატეგორიულად გამორიცხავს. აქედან მომდინარეობს ილჰამ ალიევის განცხადებები იმის შესახებ, რომ მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას აზერბაიჯანულ მიწაზე ალიევი არ დაუშვებს, ანუ ყარაბაღს არ აღიარებს.

[blue_box]ცხოვრება სანგრებში[/blue_box]

მხარეთა მოთხოვნებში შექმნილი ჩიხი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, თუმცა განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ღიად დაიწყეს ომისთვის მზადება, იარაღის შესყიდვა [ძირითადად რუსეთისგან]. შეიარაღების სფეროში ამ შეჯიბრის შედეგად ეს ორი ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებულ ქვეყანათა ხუთეულში შევიდა.

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ანგარიშის ღია ნაწილში უკვე ბოლო ორი წელია პოსტსაბჭოთა რეგიონის მთავარ საფრთხეებს შორის მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობა სახელდება. ომის რისკი კი 2016 წლის აპრილში სამდღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ რეალური გახდა. ამ მოვლენების შედეგად არცერთი მხარე აღარ წავა დათმობაზე არც ბარის ტერიტორიების დაბრუნების და არც რეგიონისთვის დამოუკიდებელი სტატუსის მინიჭების საკითხში.

დათმობისა და კომპრომისული გადაწყვეტილებების პერსპექტივის მხრივ ყველაზე უფრო რთული ყარაბაღის საკითხია. ბოლო სამი ათწლეულია ეს ჩვეულებრივი საბჭოთა რეგიონი სამხედრო სტრუქტურად გადაიქცა. ადგილობრივი მოსახლეობიდან კაცები ვალდებული არიან, ორი წელი ფრონტისწინა სამხედრო პოზიციების სანგრებში გაატარონ. 150-ათასიანი ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა შეიარაღებულ ნაწილებში მსახურობს და 150-კილომეტრიანი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში, სხვა კონფლიქტური რეგიონებისგან განსხვავებით, ყარაბაღში არასდროს ყოფილან უცხოელი სამშვიდობოები ან დამკვირვებლები. ამ ომის შემდეგ, წლების განმავლობაში, კონფლიქტური მხარეები თავად არიან წარმოდგენილი, რაც რეგიონის უკიდურესი მილიტარიზაციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა, სადაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ სამხედრო ძალებს შეიძლება დაეყრდნონ.

აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობა ადგილობრივ დონეზე, როგორც მოსახლეობის, ასევე სამხედრო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, საერთოდ არ არსებობს. კონტაქტის ხაზი ყრუდაა დახურული და მსოფლიოში ყველა მილიტარიზებულ ზონად მიიჩნევა. ნებისმიერი საკითხის განხილვა ორი პრეზიდენტის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პრეროგატივაა, ამის გამო შედარებით მარტივი ჰუმანიტარული საკითხებიც კი უმალ პოლიტიზებული ხდება. არადა, ამ საკითხების მეშვეობით რეგიონში თანამშრომლობის დალაგება შესაძლებელი იქნებოდა.

“აზერბაიჯანელი არ მინახავს. შეიძლება მხოლოდ სხვა ქვეყანაში” – ამბობს ნინა, ახალგაზრდა გოგო, რომელიც მეგობარ გაიანესთან ერთად უკვე ერთი წელია ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობს. ევროპულ ქვეყნებში სწავლის შემდეგ ორივე გოგონამ ყარაბაღში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც, როგორც თავად ამბობენ, ომის დიდი საფრთხეა და “საჭირო დროს დამატებით ადამიანები ზედმეტი არ იქნებიან”.

გოგონები ერთი შეხედვით განსხვავდებიან ადგილობრივი სანგრების პირობებში გაზრდილი ახალგაზრდებისგან. მოდურად აცვიათ და ფერად ტონებში თანამედროვე ოფისი აქვთ. თუმცა საკუთარი აზროვნებით ყარაბაღელი სომხების ომის შემდეგი თაობის ნაწილი არიან, რომლებიც დიდწილად სერიოზულად არასოდეს დაფიქრებულან ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე.

“მხოლოდ ის ვიცი, რომ მათ ჩვენი სიკვდილი სწყურიათ, ამიტომაც უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ვერ წარმომიდგენია, მათთან გვერდიგვერდ როგორ ვიცხოვრებდით”, – ამბობს გაიანე.

მასალების გადაბეჭდვის წესი