ახალი ამბები

ISFED თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს

17 სექტემბერი, 2013 • 937
ISFED თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს

აღნიშნული ანგარიში მოიცავს ინფორმაციას თვითმმართველობებში განვითარებული პოლიტიკური პროცესების, საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ. 

 

“2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით გამგებელი 55 მუნიციპალიტეტში შეიცვალა, მათ შორის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არაერთგზის.  გამგებლების შესარჩევად კონკურსი მხოლოდ 19 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა, სხვა შემთხვევაში კი ისინი  საკრებულომ დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე საკრებულოს თავმჯდომარე  31 მუნიციპალიტეტში შეიცვალა. 26-მა საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პოსტი, ხოლო ექვსი მათგანი საკრებულომ  გადააყენა. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ  55 მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქციები, რამაც რიგ შემთხვევაში ძალთა ბალანსის შეცვლა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება გამოიწვია. 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა. თვითმმართველობებიდან მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე  გათავისუფლებულია 2321 თანამშრომელი.  მათ შორის მასობრივად გათავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, რასაც ხშირად გამგებელთან თათბირი უძღოდა წინ.  საერთო ჯამში, 34 მუნიციპალიტეტში  დათხოვილ იქნა 519 რწმუნებული. – ეს არის ის ძირითადი ფაქტები, რომელთა შესახებაც ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი. 

 

“თვითმმართველობის ორგანოებში ნორმალური პოლტიკური პროცესები არ მიმდინარეობს, მუდმივად არის დაძაბულობა და დაპირისპირება, რაც გავლენას ახდენს მუშაობის ხარისხზე და მნიშვნელოვანი მოვლენები და აქცენტები ყურაღღების მიღმა რჩება,”- აცახდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.  

 

როგორც ლომჯარია ამბობს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ თვითმმართველობებში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და საკრებულოებში პოლიტიკურ ძალთა გადანაცვლებები გამოწვეული იყო იმ მოლოდინით, რომ ხელისუფლების ცვლილებას ცენტრალურ დონეზე ბუნებრივად უნდა მოჰყოლოდა ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებაც და ადგილობრივ დონეზეც გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება” უნდა გამხდარიყო.

 

 „აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გამგებლების ცვლილებების მეორე ტალღა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდგომ დანიშნული, ახალი გამგებლების იმპიჩმენტის პროცედურები არაერთ მუნიციპალიტეტში გაიმართა. ადგილი ჰქონდა იძულებასაც. 3 აგვისტოს შემდგომ, ანგარიშის გამოქვეყნებამდე,  გამგებელი კიდევ 13 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს თავმჯდომარე სამ მუნიციპალიტეტში, ხოლო მერი ორ ქალაქში შეიცვალა.“ – ამბობს „სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია.

 

ანგარიშში ცალკე არის განხილული თბილისის საკრებულოში განვითარებული მოვლენები, სადაც ადგილი ჰქონდა სამართალდამცველთა მიერ დეპუტატების დაკითხვაზე დაბარების ფაქტებს.

 

“რიგ შემთხვევებში დაკითხვების შემდეგ დეპუტატებმა დატოვეს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია და დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძეს საქმიანობა.” 

 

რაც შეეხება თვითმმართველობების გათავისუფლებულ წევრებს, სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.


“ხშირად ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს.“ –  აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნულ პროცესებში პოლიტიკურ პირთა შესაძლო მონაწილეობაზეც საუბრობენ:

 

“გათავისუფლებების პროცესში ნაკლებად იკვეთებოდა დეპუტატების მონაწილება, დანიშვნის პროცესში ალბათ უფრო იკვეთება, ვინაიდან, როდესაც გარკვეულ რეგიონებში ჩნდებიან კანდიდატები, საუბარია იმაზე, რომ ის ამა თუ იმ დეპუტატის მხარდაჭერილი ადამიანია.”

 

ამ მხრივ, კოალიციის წევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოკვეთილი ფიგურა, როგორც ლომჯარია ამბობს, დავით საგანელიძეა. 

 

“მაგალითად, დავით საგანელიძის სახელმა და გვარმა რამდენჯერმე გაიჟღერა რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მაგალითად, ასპინძაში, ასევე კასპში, სადაც ონოფრიშვილის სახელი ფიგურირებს. ისინი სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერებად წარმოჩინდებიან.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი