ახალი ამბები

ხაიშელების ფიცი ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

17 სექტემბერი, 2013 • 1837
ხაიშელების ფიცი ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

ხაიშის მცხოვრებნი  ფიცს დებენ, რომ  არ დაიშურებენ “ძალ-ღონესა და ჭკუა-გონებას” იმისათვის, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, სასაფლოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლები არ მოექცნენ წყალქვეშ. 

 

ადგლობრივი მოსახლეობის ნაწილმა ფიცი ერთი თვის წინ დადო, დღეს კი, პროექტის განხილვამდე მათ კიდევ შეუერთდნენ ხაიშელები. 

პროექტის განხილვა სოფელ ხაიშში 14.00 საათზე დაიწყო.

 

„70-ზე მეტმა ოჯახმა უკვე დავიფიცეთ, რომ ჩვენ ყველანაირი მშვიდობიანი ფორმით წინააღმდეგობას გავუწევთ ამ ჰესის მშენებლობას.   ამ წუთისთვის დაახლოებით 20 ოჯახის წარმომადგენელი დებს ფიცს.  ეს არ არის მხოლოდ ხაიშის პრობლემა, ეს არის ზოგადად მთელი სვანეთის პრობლემა, გამომდინარე მასშტაბებიდან,“ – აცხადებს „ნეტგაზეთთან“  საუბარში სოფელ ხაიშის მცხოვრები ზურაბ ნიჟარაძე.

 

„შეკრებილი არის მთელის სოფელი. ჩამოსული არის მინისტრის მოადგილე, მობილიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია. ჯერ არ დაწყებულა განხილვა.  ინციდენტი იყო დილას, როდესაც სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ამოვიდა „ტრანსელექტრიკა ლიმიტედის“ გენერალურ  დირექტორთან ერთად ოფისის  შესარჩევად. გამოვიდა ისე, რომ მოხდა მისი მხრიდან ირიბი ზეწოლა მოსახლეობაზე. კერძოდ, მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ არ გამოეყენებინათ პოსტერები, პლაკატები, არ ელაპარაკათ ხმამაღლა და საერთოდ,  არ აეწიათ ხმისთვის და ყველაფერი ჩატარებულიყო დღეს წყნარად,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ განხილვის დაწყებამდე ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა, დათო ჭიპაშვილმა, რომელიც ამჟამად ხაიშში იმყოფება.  

 

ჭიპაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება ირიბი ზეწოლაა სამინისტროებზე, იმისათვის, რომ მათ ხუდონჰესის მშენებლობას დაუჭირონ მხარი.

 

„მაშინ, როდესაც ჯერ საჯარო განხილვაც არ ჩატარებულა, პრემიერ-მინისტრი გამოდის და გადაწყვეტილად მიიჩნევს პროექტის განხორციელებას. რაც არის ასევე პირდაპირი ზემოქმედება  შესაბამის სამინისტროებზე. ვგულისხმობ ეკონომიკის სამინისტროსა და გარემოს  დაცვის სამინისტროს, მათ პრაქტიკულად აიძულებენ, რომ გასცენ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა,“ – განაცხადა დათო ჭიპაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „შუახევიჰესის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრისას ხუდონჰესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, თავად ავიდოდა ხაიშში.

 

„თუ საჭირო იქნება, მეც თვითონ ვაპირებ ასვლას.  ხაიში არის სოფელი და იცით, რომ გასახლება გვიწევს სოფლის.  აბსოლიტურად ვუთანაგრძნობ თითოეულ მოსახლეს.  იცოდეთ, რომ ამას მსოფლიო ბანკი აკეთებს, ეს კეთდება  ძალიან ცივილიზებულად, ძალიან კარგი  შემოსავალი ექნება თითოეულ ოჯახს. თუმცა, მაინც განცდები გასაგებია. შესაბამისად, თანაგრძნობას ვუცხადებ. მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ ისინი ქვეყნის მომავალს  ეხმარებიან და ამისთვის იღებენ გარკვეულ მსხვერპლს. თუმცაღა ანაზღაურება იქნება ძალიან ცივილიზებული და ძალიან ღირსეული. მე მივმართავდი და ვისარგებლებდი შემთხვევით, გაგებით მოეკიდნონ ჩვენი მეგობრები და ჩვენი საყვარელი ხალხი, ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით და  მაქსიმალურად ავუნაზღაურებთ იმ ემოციურ დანაკარგს, მატერიალურად და ფინანსურად, რა თქმა უნდა.

 

პატრიარქის თხოვნა იყო ძალიან საინტერესო ზუსტად ხუდონჰესთან დაკავშირებით. ჩვენ თავში გვქონდა გარკვეული პოლემიკაც კი. მაგრამ სწრაფად გაიგო ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა, ნაცვლად იმისა, რომ  მოეთხოვა შეჩერება, ჩვენ ბოლოში შევთანხმდით იმაზე, რომ ის აუხსნიდა მოსახლეობას, რომ აუცილებელია ასეთი ჰესების მშენებლობა.  ჩვენ, გარდა იმისა, რომ გვაქვს ლამაზი ბუნება, ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ მარტო ლამაზი ბუნება საკმარისი არაა კარგი ცხოვრებისათვის,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 16 სექტემბერს.

 

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი ამ ეტაპზე საჯარო განხილვის საგანია. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე  ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაცემული არაა.

ხუდონჰესი
ხუდონჰესი

მასალების გადაბეჭდვის წესი