ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდი მთის ღორის გადარჩენის პროექტზე მუშაობს

21 თებერვალი, 2018 • 2138
საპარტნიორო ფონდი მთის ღორის გადარჩენის პროექტზე მუშაობს

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ესპანელ პარტნიორებთან ერთად მთის ღორის გადარჩენის პროექტზე მუშაობენ. პროექტით, რომლის ფასი 12 მლნ აშშ დოლარია რაჭაში ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს შექმნაა გათვალისწინებული.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა პალიტრა ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში რაჭაში ხორცპროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოზე ვრცლად ისაუბრა. დავით საგანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ფონდის ერთ-ერთი ამოცანაა სოფლის მეურნეობის პროექტებში საპარტნიორო ფონდის მონაწილება გაიზარდოს.

“საქართველოში სულ 56 ქართული ჯიშის ღორი მოვძებნეთ. სურათებს ვუღებდით და გენეტიკური ანალიზი კეთდებოდა. ამ 56 დან საბოლოოდ 11-12 შეირჩა, საიდანაც ჩვენ სუფთა ქართული ჯიშის მომრავლება დავიწყეთ. ეს ჯიშები თავისი მაჩვენებლებით უთანაბრდება ცნობილ ესპანურ ღორის ჯიშს იბერიკოს. ჩვენი ესპანელი პარტნიორები აღფრთოვენებულები არიან იმ შედეგებით, რაც მივიღეთ. ახლა დიდი საწარმო რაჭაში შენდება. ამ საწარმოს  ალბათ ზაფხულის დასაწყისში გავხსნით. გექნებათ საშუალება ნახოთ პირველი ქართული ჰამონის წარმოება, ასევე რაჭული ლორის,” – განაცხადა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდი არის სახელმწიფო ფონდი, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. როგორც საპარტნიორო ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით, რაც კაპიტალში თანაინვესტირებას გულისხმობს. ფონდის აქტივების პორტფელი შემდეგი კომპანიებისგან შედგება:

  • საქართველოს რკინიგზა – 100% წილი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – 100% წილი
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – 100% წილი
  • ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი – 100% წილი
  • სს თელასი – 24.5% წილი

მასალების გადაბეჭდვის წესი