ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ჩვენს ხელისუფლებაში მედიას ვერავინ შეეხება, ეს გამორიცხულია

21 თებერვალი, 2018 • 1440
კვირიკაშვილი: ჩვენს ხელისუფლებაში მედიას ვერავინ შეეხება, ეს გამორიცხულია

“იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ვერავინ ვერ შეეხება ჩვენს ხელისუფლებაში, გამორიცხულია, რომ ასეთი რამ ხდებოდეს” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს, 21 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, დღევალდენლი ხელისუფლების პირობებში ასევე გამორიცხულია ის, რომ ვინმემ ბიზნესი შანტაჟის იარაღად გამოიყენოს:

“ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხევვასთან გვაქვს საქმე, მთელი გუშინდელი საღამო მიეძღვნა ამ თემატიკას და, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არის გამორიცხული და ქვეყანაში და იმ ხელისუფლებაში, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას, ნამდვილად ვერ მივიღებთ ამ ბრალდებებს” – განმარტა პრემიერ მინისტრმა.

გუშინ, 20 თებერვალს, ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტებმა “ხელისუფლებას ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთისაკენ მოწუოდეს”. შესაბამისი განცხადება ტელევიზიის პირდაპირ ეთერში არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებას “იბერიის” ჟურნალისტების სახელით აკეთებს.

“ტელეკომპანია იბერიის მთავარი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია ომეგა დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც ტელეკომპანია იბერიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ტელეკომპანია იბერია არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები”, – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

“იბერიის” განცხადებამდე, სახელმწიფოს მხრიდან სავარაუდო ზეწოლაზე მიანიშნებდა ტელეკომპანია “ტვ პირველიც”.“პირველის” წამყვანი, ჟურნალისტის ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, დაფიქსირდა “შემაშფოთებელი სიგნალები”, რომელიც “TV პირველის”  შინაარსის შეცვლას შეეხებოდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ  ხელისუფლებას კომფორტს არ უქმნის TV პირველის დღევანდელი შინაარსიით არსებობა. ამის შესახებ ჟიჟილაშვილმა 16 თებერვალს თბილისში, მედიის გამოწვევებთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდაზე ისაუბრა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აღნიშნული დახურული შეხვედრები “ტვ პირველსა” და არასამთვარობო ორგანიზაციებს შორის რამდენჯერმე გაიმართა. ჩვენი ინფორმაციით, საუბარი იყო ტელეარხის მფლობელების მიმართ სავარაუდო ზეწოლაზეც, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. “ტვ პირველი” გეგმავდა ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს, თუმცა, როგორც მოგვიანებით არასამთავრობოებს განუცხადეს, პრობლემა ამოიწურა და ისინი ჩვეულებრივ აგრძელებდნენ მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი