ახალი ამბები

“ციანიდის მოედანი” 19 ჰექტარზე – “არ ემ ჯის” სადავო გაფართოება

21 თებერვალი, 2018 • 3125
“ციანიდის მოედანი” 19 ჰექტარზე – “არ ემ ჯის” სადავო გაფართოება

კომპანია “არ ემ ჯის” საყდრისში ოქროს მომპოვებელი საწარმოს გასაფართოებლად 19 ჰექტარზე ე.წ. ციანიდის მოედნის მოწყობა სურს. სწორედ ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო საყდრისში 15 თებერვალს. დისკუსია კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. გარემოს დამცველები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივების ნაწილთან ერთად ეწინააღმდეგებიან. “არ ემ ჯი” კი გარემოს დაცვის სამინისტროს მისი სისრულეში მოყვანის ნებართვას სთხოვს და პირობას დებს, რომ გარემოს დაცვა გარანტირებული იქნება.

თეთრიწყაროდან საყდრისში – რა სურს “არ ემ ჯის”?

“არ ემ ჯის” მოთხოვნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანიის ახალ პროექტს უკავშირდება, რომელიც “ბნელი ხევის” საბადოზე ოქროს მადნის მოპოვებას გულისხმობს. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, მათ ორი გზა ჰქონდათ:

  1. ახალი საწარმო “ბნელი ხევის” ტერიტორიაზე აეშენებინათ, რის გამოც, მათი თქმით, ტყის მასივის 28 ჰექტარი უნდა გაჩეხილიყო;
  2. მოეთხოვათ უკვე არსებული საწარმოო მოედნების გაფართოება, რომლებიც საყდრისში მდებარეობს.

მათი თქმით, ამ უკანასკნელის განხორციელებით გარემოსადმი მიყენებული ზიანის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდება.

“საწარმოო მოედნის გაფართოებას ვითხოვთ, დაახლოებით, 19 ჰექტარზე. ვინაიდან ადგილზე [თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში] არ გვინდოდა გვქონოდა გარემოზე ზემოქმედების დამატებითი წყარო, ვაკეთებთ გზას და იქ მოპოვებული მადნის ტრანსპორტირებას “არ ემ ჯის” არსებულ ინფრასტრუქტურაზე [საყდრისში] ვახდენთ; მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტს გვიძვირებს”, – უთხრა კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ამირან ქართველიშილმა მედიას.

პროექტის პრეზენტაციაზე “არ ემ ჯის” წარმომადგენლებმა იმ სარგებელზე ისაუბრეს, რომელსაც მოედნების გაფართოება დმანისს მოუტანს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 ლარის შეტანას გულისხმობს ბიუჯეტში. მათი თქმით, უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება როგორც ადგილზე, ისე მადნის ტრანსპორტირებისას თეთრიწყაროდან საყდრისში.

“საყდრისის კომიტეტისა” და ოპოზიციური პარტიების უნდობლობა კომპანიას

უწინდელის მსგავსად, კომაპნიას არ ენდობა “საყდრისის კომიტეტი”, რომელიც 4 წლის წინ საყდრისის ბორცვს თანამოაზრეებთან ერთად იცავდა. კომიტეტის წევრები არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე პოლიტიკის პლატფორმის” დასკვნაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, საყდრისში “არ ემ ჯის” საქმიანობის შედეგად რაიონში მავნე ნივთიერებების გავრცელების მაჩვენებლი გაზრდილია. მათი თქმით, ამ ფონზე მის მიერ გაცემული გარანტიები რთული დასაჯერებელია.

“[კვლევის მიხედვით] ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურება ახლომდებარე ტერიტორიის გარდა იმ სოფლებშიც ფიქსირდება, რომლებიც კაზრეთიდან 70 და 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამის შემდეგ ვიგებთ, რომ “არ ემ ჯის” აქვს განზრახვა, გააფართოოს ციანიდის მოედნები საყდრისის საბადოზე. იმ ფონზე, როცა კომპანია პრობლემების საპირწონედ არაფერს აკეთებს,  გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ დაბინძურების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება”, – უთხრა კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ “ნეტგაზეთს”.

სხდომა დმანისის მუნიციპალიტეტის შენობაში.

სხდომა დმანისის მუნიციპალიტეტის შენობაში.

სხდომას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მათ შორის “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანიც ესწრებოდა, რომელმაც კომიტეტის წევრების მსგავსად კომპანიის შეუსრულებელ ვალდებულებებს გაუსვა ხაზი.

“კომპანიის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ პასუხი არცერთ კითხვაზე. მთავარი პრობლემაა ის, რომ ამ 2016 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს დადებული დასკვნით კომპანიას აქვს უამრავი დარღვევა, რომელთა გამოსწორება არცერთ შემდგომ ანგარიშში არ ჩანს. შესაბამისად, კომპანიამ, რომელიც აქამდე მუდმივად არღვევდა კანონს, აბინძურებდა გარემოს, მიიღოს რაიმე გაფართოება”.

ბრალდებების საპასუხოდ “არ ემ ჯი” პრობლემების არსებობას აღიარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ მათ გამოსასწორებლად გონივრული ვადა მისცა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან:

“ჩვენ გვაქვს გონივრული ვადები სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ ყველა გარემოსდაცვითი საკითხი გამოსწორდეს. ეს არის 40-წლიანი საწარმო. ამ ხნის განმავლობაში რიგი საკითხები გადაწყდა, რიგი საკითხები გადაწყვეტის ეტაპზეა, მაგრამ ამას სჭირდება გონივრული ვადები. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, კალენდარი, ღონისძიებათა ნუსხა, რაც ათეულობით მილიონის ინვესტიციას გულისხმობს”.

15 თებერვლის საჯარო განხილვის შემდეგ  გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა კომპანია “არ ემ ჯის” 40-პუნქტიანი შენიშვნათა კრებული ჩააბარეს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე მუშაობის პროცესში უნდა გაითვალისწინოს. შენიშვნები ძირითადად ეხება მის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის რიგი პუნქტების არასრულყოფილებას, ინფორმაციის უკმარისობასა და ტექნიკურ ხარვეზებს. ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მაქსიმალურად ეცდება, ხარვეზები შესაბამის ვადებში აღმოფხვრას.

“მწვანე პოლიტიკის პლატფორმის” კვლევა და “არ ემ ჯის” სკეპტიციზმი

კვლევა, რომელზეც “საყდრისის კომიტეტი” საუბრობს, “მწვანე პოლიტიკის პლატფორმამ” 2017 წლის ივლისიდან ნოემბრამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევა საყდრისის საბადოზე “არ ემ ჯის” მიერ მოპოვებითი სამუშაობის დაწყების შემდეგ დმანისსა და მის მიმდებარე სოფლებში მავნე ნივთიერებების გავრცელების მაჩვენებელს ასახავს.

ერთი თვალსაჩინო მაჩვენებელი, რომელზეც ავტორები მიუთითებენ, კადმიუმის გავრცელების მაჩვენებელია, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობისთვის საშიშ 12 მძიმე მეტალს შორის და განსაკუთრებული ტოქსიკურობით გამოირჩევა. დადგინდა, რომ დმანისში, განთიადში, ბალიჭსა და კაზრეთში კადმიუმის გავრცელებამ საგრძნობლად იმატა, კაზრეთსა და ბალიჭში კი ზღვრულ ნორმას – 2 მგ/კგ-ს გადააჭარბა.

კვლევის შესახებ “ნეტგაზეთმა” “არ ემ ჯის” დირექტორის მოადგილეს ჰკითხა. ამირან ქართველიშვილის თქმით, პლატფორმას კომპანიისთვის არ მიუმართავს და მისთვის კვლევის რიგი დეტალები უცნობი და საეჭვოა.

“ჩვენ ამ კვლევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, ვინაიდან პლატფორმას კომპანიისთვის არ მოუმართავს. ასევე არ ვიცით, რა ტექნოლოგიურ პირობებში მოხდა სინჯების აღება. მას აქვს სპეციალური რეგლამენტი, რომლის დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. უცნობია დროის ინტერვალი, განმახორციელებელი საექსპორტო კომპანია და ა.შ”, – აღნიშნა მან.

“მწვანე პოლიტიკის პლატფორმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ წიქარიძე საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას “არ ემ ჯისთვის” მართლაც არ მიუმართავს, თუმცა კვლევა საჯარო იყო და მისი ხილვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მისივე განცხადებით, უცნაურია კვლევის მეთოდოლოგიის ეჭვქვეშ დაყენებაც, როცა ის რეგლამენტის სრული დაცვით, აპრობირებული მეთოდითა და სპეციალისტების მიერ ჩატარდა:

“კვლევაში მითითებულია კვლევის წერტილების GPS კოორდინატები, წყლის შემთხვევაში – მდინარეთა დასახელებები. მონაცემების ხელოვნურად გაზრდა რომ გვდომოდა, კონკრეტულ შემთხევაში არ დავწერდით, მაგალითად, 0.9-ს და დავწერდით მეტს. კვლევაში განხილულია მისი ჩატარების მეთოდიც: ატომურ-აბსორბციული მეთოდი და მითითებულია, თუ რატომ ავირჩიეთ ის. თუ ვამბობთ, რომ ეს მეთოდი ცუდია, მაშინ კრიტიკა უნდა დასაბუთდეს, რადგან საქართველოში ამაზე ეფექტური მეთოდით მსგავსი კვლევა არ ტარდება”.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა “არ ემ ჯი” ნებართვას საყდრისში საწარმოს გაფართოებაზე, ან როდის გაითვალისწინებს კომპანია შენიშვნებს. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა აქტივისტები წინააღმდეგობის შეწყვეტას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი