ახალი ამბები

TV იბერია ზეწოლასა და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს

20 თებერვალი, 2018 • 4250
TV იბერია ზეწოლასა და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს

ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტები “ხელისუფლებას ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთისაკენ მოწუოდებენ”. შესაბამისი განცხადება ტელევიზიის პირდაპირ ეთერში არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა გააკეთა.

“ზეწოლა ტელეკომპანია იბერიის მთავარ დამფინანსებელ ომეგა ჯგუფზე, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემას უქმნის ტელეკომპანია იბერიას”, – ეს შესავალი გააკეთა იბერიის ახალი ამბების წამყვანმა, რის შემდეგაც პირდაპირ ეთერში ვახო ხუზმიაშვილი ჩაერთო:

“ტელეკომპანია იბერიის მთავარი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია ომეგა დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც ტელეკომპანია იბერიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ტელეკომპანია იბერია არის ტელევიზია,რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები”, – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა და დასძინა, რომ ამ განცხადებას იბერიის ჟურნალისტების სახელით აკეთებს.

მანამდე ამავე საკითხზე არხის კიდევ ერთმა სახემ, არჩილ გამზარდიამ ისაუბრა პირდაპირ ეთერში:

“არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლება ცდილობს დაფინანსების წყარო გადაუკეტოს ტელეკომპანია „იბერიას“ იმ ბიზნესკომპანიაზე ზემოქმედებით, რომელიც ტელეკომპანიის ძირითადი დაფინანსების წყაროა. არ მინდა ვიფიქრო, რომ დამოუკიდებელ მედიაზე და მათ შორის ტელეკომპანია “იბერიაზე” სახელისუფლებო შეტევა მიმდინარეობს”, – განაცხადა გამზარდიამ.

რ2-ის ინფორმაციით, ომეგა ჯგუფი 100 -მილიონიან ზარალზე საუბრობს და სასამართლოში კომპანია British American Tobacco-სთან დავობს. რ2-თან საუბარში ომეგას წარმომადგენელი აცხადებს, რომ სააპლეაციო სასამართლომ მათი ზარალი აღიარა, თუმცა მისი ანაზღაურება არავისთვის დაუკისრებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი