ახალი ამბები

ქუთაისში მარგველაშვილის საარჩევნო შტაბი აკურთხეს [video]

16 სექტემბერი, 2013 • • 1253
ქუთაისში მარგველაშვილის საარჩევნო შტაბი აკურთხეს [video]

პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები დღის 4 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. პოლიციას მოედანზე შესასვლელი გზა ოთხივე მხრიდან დაკეტილი ჰქონდა. 

 

შეკრებილ საზოგადოებას პოლიტიკოსებმა ცენტრალურ მოედანზევე მიმართეს. როგორც მარგველაშილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების მერე კოჰაბიტაცია დასრულდება:

 

“27 ოქტომბერს, საღამოს ჩვენ ყველანი ერთმანეთს ჩავეხუტებით, მოვეფერებით და მივულოცავთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც ქართველი ხალხის გამარჯვება და გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა ჰქვია.”

 

ქუთაისში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ზაზა მარუაშვილი დაინიშნა:

 

“ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობდით, არჩევანიც ძალიან დიდი გვქონდა, იმიტომ, რომ ქუთაისში რა გამოლევს ღირსეულ ხალხს? პატიოსან, მცოდნე, თავდადებულ მენეჯერებს? ის ქუთაისში დაიბადა, შემდეგ გაუყვა თბილისს თუ უცხოეთის ბევრ უნივერსიტეტს, და დღეს დოქტორი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის დეკანი, ბატონი ზაზა მარუაშვილი მინდა წარმოგიდგინოთ,” – განაცხადა საგანელიძემ.

 

ხალხისადმი სიტყვით მიმართვის დასრულების შემდეგ დეპუტატები საარჩევნო შტაბის კურთხევის პროცესს დაესწრნენ. როგორც მარუაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, ეს კურთხევა საქმის დაწყების წინ საჭიროა:

 

“უპირველეს ყოვლისა ღვთის კურთხევა გვჭირდება ყველაფერში. მე მგონია, ყველა საქმეში არის ეს ლოცვა და ეს შემწეობა საჭირო. ამას ნებისმიერი მოქალაქე თავის რელიგიაში, თავის სარწმუნოებაში მიმართავს ხოლმე, რომ დაულოცოს დილა, დაულოცოს საქმე, დაულოცოს ოჯახი და მილიონი ლოცვა არსებობს და ასეთი ლოცვა იყო ეს საქმის დაწყებისა და მეტი განსაკუთრებული დატვირთვა არაფერი არ ჰქონდა.“

“თვითონ შტაბის წევრებს ჰქონდათ სურვილი, თვითონ მამაოს გამოუთქვამს სურვილი, ეს შენობა, რომელიც აქამდე იყო ცარიელი და არაფერი ხდებოდა, გარემონტდა, გაკეთდა… ქართული მართლმადიდებლური ტრადიციაა, რომ შენობა ყოფილიყო კურთხეული, დაამთხვიეს დღევანდელ დღეს და ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ,“ – განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს სასულიერო პირის რეპლიკას, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, საგანელიძე პასუხობს:

 

“არსებობს ყველაზე დიდი დოკუმენტი, რომელიც გაფორმებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, კონკორდატი, რომელიც იცავს სწორედ ეკლესიის დამოუკიდებლობას, საზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიის უფლებებს. მე არ ვიცი მამაომ რა ბრძანა, როგორ ბრძანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიას თავისი ავტოკეფალია გააჩნია.”

დავით საგანელიძე
დავით საგანელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი