შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება – ეკონომიკის სამინისტრო

შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება, რისთვისაც 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

“უმსხვილესი თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში, 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს და 75 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ამის შესახებ თურქეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჩალიკ ენერჯის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომლის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შიდა ქართლში აშენდება ქარის ელექტროსადგური 50-მეგავატიანი სიმძლავრით, რომლის ინვესტიცია 75 მილიონი დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თავის მხრივ, აჰმედ ჩალიკმა აღნიშნა, რომ სჯერა საქართველოსი და მისი მომავლის. მისივე თქმით, „ჩალიკ ენერჯის“  მიერ განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში.

პრესრელიზის მიხედვით, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის ვიზიტი თურქეთში წარმატებული იქნება.

„დღეს საქართველოდან ძალზე ძვირფასი დელეგაციაა ჩამოსული, შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და, რაც მთავარი იყო, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში. ამ ეტაპზე პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება 50 მეგავატით. ჩვენ გვჯერა საქართველოსი.“, – აღნიშნა აჰმედ ჩალიკმა.

„ჩალიკ ენერჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, აჰმედ ჩალიკთან შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. მას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე, ასევე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე.

„ჩალიკ ენერჯი”  ქარის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს “ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com