ახალი ამბებიკინო

სს “ქართული ფილმის” აქციონერები გიორგი კვირიკაშვილს და ეკა ბესელიას მიმართავენ

16 სექტემბერი, 2013 • 1276
სს “ქართული ფილმის” აქციონერები გიორგი კვირიკაშვილს და ეკა ბესელიას მიმართავენ

აქციონერთა საერთო რაოდენობა 2868 კაცს შეადგენს, მათი ნაწილი დღეს “კინოს სახლში” შეიკრიბა. აქციონერებმა ქონების დაბრუნების მოთხოვნით ეკა ბესელიასა და გიორგი კვირიკაშვილის სახელზე ორი მიმართვა შეიმუშავეს.

“ქართული ფილმის” საინიციატივო ჯგუფის წევრები მოითხოვენ, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და აღნიშნული საკითხი შეისწავლოს. ისინი ასევე მიმართავენ ეკა ბესელიას, ერთი კვირის ვადაში შეხვდეს ჯგუფის წევრებს, ხოლო გამოძიების დასრულებამდე “ქართულ ფილმში” მორატორიუმი გამოცხადდეს.

რაც შეეხება მიმართვას ეკონომიკის მინისტრისადმი, საინიციატივო ჯგუფის წევრები გიორგი კვირიკაშვილს სამი დღის ვადაში შეხვედრას სთხოვენ. მათი განცხადებით, ს.ს.”ქართულ ფილმში “საგანგაშო მდგომარეობაა:

“გამოიჩინეთ კეთილი ნება და განახორციელეთ წინა ხელისუფლების მიერ ს.ს “ქართული ფილმის თანამშრომლების” კანონიერად კუთვნილი და თაღლითურად წართმეული წილის უპირობოდ, ერთი კვირის ვადაში გადმოცემა (დაბრუნება)”, – ნათქვამია განცხადებაში.

საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან რეჟისოზრები: ლევან ანჯაფარიძე, ქეთი დოლიძე და გენო ცაავა, პროდიუსერი თამაზ ორაშვილი და მენეჯერი მაია არეშიძე.

“ახალ მთავრობასთან წინა მთავრობის მიერ ჩვენთვის უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების თემას ამ წლის იანვრიდან ვაყენებთ, თუმცა ამ კოჰაბიტაციამ ძალიან შეჭამა საზოგადოება და მათ შორის მოვყევით ჩვენც. ჩვენ კვლავაც მოვითხოვთ 2868 ადამიანისთვის უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ, და უნდა შეჩერდეს “ქართული ფილმის” ყველანაირი ქონების გაყიდვა”, – განაცხადა “ქართული კინოს განვითარების ცენტრის” ყოფილმა დირექტორმა, საინიციატივო ჯგუფის წევრმა მაია არეშიძემ.

“კეთილი უნდა ინებოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და დაგვიბრუნონ ეს ქონება, რადგან ეს ქონება არის ჩვენი, იმ ხალხის, ვინც დღეს შეიკრიბა დარბაზში”, – აცხადებს თამაზ ორაშვილი.

 

ორგანიზატორთა განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ წარმომადგენლები როგორც ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე კულტურის სამინისტროდან. მათ ასევე მოიწვიეს “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც, თუმცა შეხვედრაზე მათ მიერ მიწვეული პირები არ მისულან.

სს ქართული ფილმის აქციონერთა შეხვედრა კინოს სახლში
სს ქართული ფილმის აქციონერთა შეხვედრა კინოს სახლში

მასალების გადაბეჭდვის წესი