ევროპაში წითელათი დაავადებულთა რიცხვი 400%-ით გაიზარდა

2017 წლიდან დღემდე ევროპაში წითელას შემთხვევები 400%-ით გაიზარდა, ამის შესახებ BBC ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, 2018 წლის მონაცემებით, ევროპის მასშტაბით წითელას 20 ათას შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა, აქედან 35 ლეტალურად დასრულდა. შემთხვევებს შორის ყველაზე დიდი ეპიდემიური აფეთქების კერა იტალია, რუმინეთი და უკრაინაა.  

როგორც WHO-ში აცხადებენ, ეპიდემიური აფეთქებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის თქმაა. გარდა ამისა, ორგანიზაციის თქმითვე, ევროპის ქვეყნებში გეგმური ვაქცინაცია ბოლომდე არ ფარავს რიგ ჯგუფებს.

ბოლო პერიოდში წითელას შემთხვევათა მატება საქართველოშიც აღინიშნება, ქვეყნის ფარგლებში ეპიდემიური აფეთქება აჭარის რეგიონში ფიქსირდება. როგორც “ნეტგაზეთს” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს, დღეის მონაცემებით რეგიონში წითელას 219 შემთხვევა გამოვლინდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 300-ზე მეტია.

სპეციალისტების განცხადებით, წითელას თავიდან ასაცილებლად დროული ვაქცინაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს. საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრის გადასახადს 40 წლამდე მოსახლეობაში სახელმწიფო ფარავს  და, როგორც დაავადებათა კონტროლის ევრონულ ცენტრში აცხადებენ, მას არ გააჩნია უკუჩვენება. მათივე თქმით, წითელა იმდენად გადამდებია, რომ 40 წელს ზემოთ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დაავადება უკვე გადატანილი აქვს და ისინი სარისკო ჯგუფს არ წარმოადგენენ.

წითელას აცრას არ უკეთებენ ასევე ორსულებსა და ჩვილ ბავშვებს 1 წლამდე, ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ხაზს უსვამენ, რომ ქალებმა აცრა წინასწარ უნდა დაგეგმონ.

წითელას წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ პერიოდში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველ სიმპტომამდე შეადგენს 7-18 დღეს, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრიდან 4 დღის და გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდაა ამისა, ვირუსს ახასიათებს მაღალი მიმღებლობაც, 24-საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტინგენტის 40%; 48-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 60% , ხოლო 72-საათიანი კონტაქტის პერიოდში  – 80%.

წითელას ტიპური შემთხვევა საკმაოდ მწვავედ იწყება, ტემპერატურის მომატებით, სიმპტომებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია დაავადებული, მით უფრო რთულია სიმპტომების გადატანა.

საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა 2017 წლის აგვისტოდან დაიწყო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან