ახალი ამბები

რექტორი: უწმინდესსა და უნეტარესს უნივერსიტეტში მოსვლა მე ვთხოვე

16 სექტემბერი, 2013 • 1121
რექტორი: უწმინდესსა და უნეტარესს უნივერსიტეტში მოსვლა მე ვთხოვე

“მე ვთხოვე უწმინდესსა და უნეტარესს, რომ თუ ჩათვლიდა შესაძლებლად, მოსულიყო. მას დღეს კიდევ დაგეგმილი ჰქონდა სასულიერო აკადემიაში და ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში მისვლა. თუმცა გასულ კვირას მე მასთან მქონდა შეხვედრა და ვთხოვე მოსვლა. რეაქცია იყო დადებითი და თქვენ ნახეთ, რომ დღეს მოვიდა,”- აცხადებს ლადო პაპავა ნეტგაზეთთან საუბარში. 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის პირველი კორპუსის წინ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას განათლების მინისტრი და პატრიარქი დაესწრნენ.

 

საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სტუდენტებს მიმართა: “ღმერთმა გახსნას თქვენი გონება და გული, რომ თქვენი გული იყოს ტაძარი სულისა წმინდისა, დალოცვილი იყავით და გახარებული და თქვენი სულიერებით და დიდი განათლებით ემსახურეთ თქვენს ქვეყანას”.

 

პატრიარქის გამოსვლის შემდეგ კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ სტუდენტებს ასე მიმართა:

 

“ძვირფასო სტუდენტებო, პატრიარქმა დაგვლოცა, ამაზე კარგი რა უნდა გვენატრა დღეს?! მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი წარმატება არის ჩვენი წარმატება და ჩვენი წარმატება არის ქვეყნის წარმატება. განათლების სამინისტრო, იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით დგას. გისურვებთ იყოთ აქტიურად ჩართულები იმ ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება დღეს”.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი