საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხევის, ფშავისა და თუშეთის დამაკავშირებელ გზას აშენებს, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე გაივლის, რასაც გარემოს დამცველებისა და ეკოტურიზმით დაინტერესებულების წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სნო–ჯუთა–როშკა–შატილი–ომალო –ბაწარა–ხადორი–ახმეტის გზა, რომელიც მთლიანად 250 კილომეტრს მოიცავს, გულისხმობს არსებული გზების რეაბილიტაციას და ახალი გზების გაყვანას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მთლიანად გზის დაგეგმვა ახლა მიმდინარეობს და ჯერჯერობით ვერ დაასახელებენ ზუსტ პროექტს, თუ სად გაივლის ახალი გზა.
დიდი ალბათობით, გზების სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ გაივლის ყაზბეგის ეროვნულ პარკში, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, ბაწარასა და ხადორის ეროვნულ პარკებში. გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე გვეუბნება, რომ საქართველოს მთავრობაში “არავისზე ნაკლებად” უყვართ ბუნება და პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ათანხმებენ.
დღეს, 20 თებერვალს, ახმეტის მუნიციპალიტეტში გაიმართა ჯიბახევი-ხადორის ხეობაში გამავალი გზის მონაკვეთის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა. ხვალ, 21 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართება როშკა – ღელისვაკის მონაკვეთის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა.
რას გეგმავს გზების დეპარტამენტი
მთავრობამ მთელი პროექტი რამდენიმე მონაკვეთად დაჰყო და ნაწილ-ნაწილ ქვეყნდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები. აქედან გამომდინარე დოკუმენტურად უცნობია, ჯერჯერობით სად გაივლის გზა.
“ნეტგაზეთი” საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი სეთურიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ გზის ნაწილი “სავარაუდოდ გადის დაცულ ტერიტორიებზე, ნაწილი კი არ გადის.”
სეთურიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების შემუშავება, რომლის მიხედვითაც შეარჩევენ იმ პროექტს, რომელიც გარემოს ნაკლებ ზიანს მიაყენებს.
“ყურადღება ექცევა არა მარტო გზის პარამეტრებს და მის სისწორეს, არამედ გზის უსაფრთხოებას, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ჩვენი ბუნებისათვის”, – ამბობს სეთურიძე.
დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იქ, სადაც გზები არსებობდა, ასფალტის საფარი განახლდება, ხოლო იქ, სადაც არ იყო გზები, მათ შორის დაცულ ტერიტორიებზე, ხრეშოვანი გზა მოეწყობა, რათა ნაკლები იყოს გარემოზე ზემოქმედება.
სეთურიძის თქმით, ასფალტის ზედაპირი იქნება:
- სნოდან– კარკუჩამდე
- ფშავში უღელტეხილამდე
- ხადორის ხეობაში – ბოლო დასახლებულ პუნქტამდე იქნება ასფალტი, შემდეგ იქნება ხრეშოვანი გზა.
გიორგი სეთურიძის თქმით, სნო–ჯუთა–როშკა–შატილი–ომალო–ხადორი–ახმეტის გზის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას და გააძლიეროს რეგიონული კავშირი მთიანეთთთან.
სეთურიძე ამბობს, რომ კახეთისა და თუშეთის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ავტომობილების თავისუფალი გადაადგილებისთვის არ არის განკუთვნილი, “არანაირ პარამეტრს არ შეესაბამება”.
გზების დეპარტამენტის მოსაზრებით, ამ მონაკვეთის გაუმჯობესება და მის უსაფრთხო გზად გადაქცევა გეოლოგიური და მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია. ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ხადორის ხეობიდან ახალი გზა გაიყვანოს.
“იცით, ალბათ, თუშეთში როგორ ვითარდება სასტუმროები. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ მოლოდინით, რა მოლოდინიც არსებობს თუშეთში, რომ იქნება დიდი ხნით გახსნილი და თუშეთი–ომალოს მონაკვეთზე უსაფრთხო გადაადგილება იქნება”, – ამბობს სეთურიძე.
მისი თქმით, პროექტი ხელს არ უშლის ტურისტულ გზებსა და ბილიკებს.
“აწუნთის გადასასვლელს საერთოდ არ ვეხებით, თუ ხადორზეა საუბარი, იქ მოხეტიალე
საერთოდ არ არიან, აბუდელაურს და ჭაუხს საერთოდ არ ვეხებით და ძალიან შორს ვართ ამ მიმართულებისგან. ის, რომ მარტო მოხეტიალე ტურისტი უნდა იყოს, ამას არ ვეთანხმები. საშუალება უნდა ჰქონდეს ყველას: ბავშვს, ქალს კაცს, მოხუცს, რომ ავიდეს და ნახოს ეს სილამაზე და მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეს”, – ამბობს სეთურიძე.
უკვე შერჩეულია ჯუთამდე მისასვლელი გზის მონაკვეთის კონტრაქტორი, სადაც არსებული გზის განახლებაა დაგეგმილი. სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.
პროტესტი
მთავრობის გეგმას პროტესტი მოჰყვა, პროექტის წინააღმდეგ შეიქმნა ონლაინ პეტიცია, სახელწოდებით ‘დავიცვათ მაღალმთიანეთი დამანგრეველი გზის მშენებლობისგან”, რომელსაც 20 თებერვლის მდგომარეობით, 3 508 ხელმომწერი ჰყავს.
“მოსახლეობა ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებს ბილიკების მარშრუტებით (ტურისტებს ბევრჯერ მოუწევთ გაჩერება მარშრუტზე), ვიდრე საავტომობილო გზაზე გადაადგილებული ტურისტებისგან”, – წერია პეტიციაში.
პეტიციაში აღნიშნულია, რომ დაგეგმილი პროექტის საუკეთესო ალტერნატივა კავკასიონის ხეობებში არსებული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გზების შეკეთება იქნება.
გიდი არჩილ ქიქოძე ამბობს, რომ ეს გზა “არის შოკივით” აღმოსავლეთ კავკასიონისთვის. არჩილ ქიქოძე მოლაშქრე ტურიზმის და ეკოტურიზმის გიდია, რომელიც 20 წელია ამ მიმართულებით მუშაობს. მას დაჰყავს ჯგუფები, რომელიც ფრინველებს და ველურ ბუნებას აკვირდება.
ქიქოძის აზრით, ამ გზის მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობას არ წაადგება. მაგალითისთვის როშკისა და ჯუთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი მოჰყავს. ქიქოძე ამბობს, რომ ეს მონაკვეთი არ გაივლის დასახლებულ პუნქტებს, ხოლო როშკას და ჯუთას დამოუკიდებლად აქვთ მისასვლელი გზები.
“ჯუთიდან რომ როშკაში გადავა გზა, რომელიც არის ყველაზე პოპულარული ტურისტული ბილიკი, შუაში არ არის სოფლები. ჯუთასაც უდგება გზა, როშკასაც უდგება გზა. აქ რომ გადაიყვანენ გზას, მერე რა?! რაში წაადგება?!”, – ამბობს ქიქოძე.
მთავარი არგუმენტი, რითიც ქიქოძე ეწინააღმდეგება ამ გზის მშენებლობას, ისაა, რომ ეს პროექტი მთლიანად შეცვლის მთიანეთს და იქ ტურიზმის განვითარებას სხვა მიმართულებით წაიყვანს.
ქიქოძე ამბობს, რომ გზის გაყვანას მასობრივი ტურიზმის განვითარება მოჰყვება, რაც უზარმაზარი ინფრასტრუქტურის, სასტუმროების მშენებლობას გულისხმობს.
“ეს არის სამოთხე აღმოსავლეთ კავკასიონის, რომელსაც სჭირდება დაცვა უგუნური პროექტებისგან და ადამიანებისგან სჭირდება, სამწუხაროდ, დაცვა”, – ამბობს ქიქოძე.
ქიქოძის თქმით, ეს პროექტი საფრთხეს შეუქმნის ტურისტულ ბილიკებს:
- ჯუთიდან როშკაში მომავალ უღელტეხილს
- აწუნთის უღელტეხილს, რომელიც არის ყველაზე პოპულარული ტურისტული ბილიკი
- პანკისის ხეობიდან ტბათანას გავლით ბორბალოზე მიმავალი გზას გომეწრის ხეობაში – რომელიც არაა პოპულარული მარშრუტი, თუმცა ტურიზმის უდიდესი პერსპექტივა აქვს
“საინტერესო ჩვენი ქვეყანა აღარ იქნება, აქ პოულობენ იმას, რაც აღარ აქვთ ევროპაში. იხვეწებიან, რომ ჩვენ თავის დროზე შევცდით, როცა ეს დავკარგეთ და ნუღარ გაიმეორებთ იმავე შეცდომასო”, – ამბობს არჩილ ქიქოძე.
ტუროპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ ახალი გზა საფრთხეს უქმნის საფეხმავლო ტურიზმის, მთის ველოსიპედებისა და სამთო–სათხილამურო ტურიზმის განვითარებას.
თაბაგარი მასობრივი ტურიზმის ნაცვლად ტურისტული ბილიკების მოწესრიგებას, მათ მარკირებას, მთის ქოხების თავშესაფრის სისტემის მოწყობას, აგროტურისტული ობიექტების შექმნას ემხრობა, რომელშიც ადგილობრივ მოსახლეობას ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.
“აღარ გვრჩება მარშრუტები, გადასასვლელები, სათავგადასავლო საფეხმავლო ტურიზმისთვის”, – ამბობს ია თაბაგარი.
თაბაგარი გვიყვება, რომ კლიენტები ტრადიციული მეურნეობით, ბუნებრივი საკვებით, ნატურალური ღვინით, ფოლკლორით, მთის რეგიონების თვითმყოფადობით ინტერესდებიან.
“ჩვენ გვინდა ვიყოთ ე.წ. ზურმუხტის ქსელის ნაწილი, რომ შევინაჩუნოთ ბუნება, კულტურა, ეთნოლოგია, და ასე განვავითაროთ ტურიზმი”, – ამბობს ია თაბაგარი.
თაბაგარი არსებული გზების განახლების წინააღმდეგი არაა, მას სურს, რომ ტურისტული ბილიკები ხელუხლებელი დარჩეს. მისი აზრით, ჩრდილო-აღმოსავლეთ მთიანეთი უნდა განვიხილოთ მთლიან ჭრილში სამომავლო ტურისტული მიმართულებების დასაგეგმად, დარიალის ხეობიდან თუშეთამდე, გველეთის, თრუსოს, სნოს, გუდამაყრის, ხანდოს და სხვა ხეობების ჩათვლით.
ია თაბაგარის აზრით, შემდეგი გადასასვლელები უნდა დარჩეს ხელუხლებელი:
- ჯუთა-როშკა-შატილის გადასასვლელები
- შატილიდან თუშეთის გზებზე არ უნდა იყოს საავტომობილო გზა
- ხევსურეთიდან თუშეთში გადასასვლელები
- აბუდელაურის ტბებზე გადასასვლელები როშკამდე უნდა დარჩეს ხელუხლებელი,
- ხადორი – ომალოს ნაწილი არის ძალიან კარგად შესასწავლი
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წევრ ირაკლი მაჭარაშვილსაც პრობლემად მიაჩნია ის, რომ მთლიანი გზის შესახებ ცნობები არაა გამოქვეყნებული და მხოლოდ გზის სხვადასხვა ნაწილის მშენებლობასთან დაკავშირებული ცნობები ქვეყნდება.
ამ ეტაპზე გზის 4 ნაწილის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებიდან (როშკა–ღელისვაკის მონაკვეთი, ჯიბახევი – ხადორის მონაკვეთი, ჯუთა-როშკას მონაკვეთი და კარკუჩა-როშკას მონაკვეთი) არცერთ დოკუმენტში არააა აღწერილი, რა გავლენას მოახდენს დაცულ ტერიტორიებზე გზის მშენებლობა, ამბობს მაჭარაშვილი.
ხარვეზები, რაზეც ირაკლი მაჭარაშვილი მიუთითებს:
- ერთ-ერთი გზშ-ის სარჩევში გამოყოფილია თავი – დაცული ტერიტორიები, თუმცა დოკუმენტის შინაარსში არ არის თავი, რომელიც დაცულ ტერიტორიებს ეხება
- ერთ-ერთ გზშ-ში აღწერილია ბაწარას დაცული ტერიტორია, ოღონდ აღწერა არის ამ დაცული ტერიტორიის და არ წერია, რა ზეგავლენას მოახდენს პროექტი დაცულ ტერიტორიაზე
- ეს გზა გაივლის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მაგრამ უშუალოდ დაცულ ტერიტორიების რა ფართობზე გაივლის და რა მონაკვეთში, ეს არ წერია.
- არ არის წარმოდგენილი, “წითელი ნუსხის” რომელ სახეობებზე იქონიებს ზეგავლენას
- საერთოდ არ არის შესწავლილი ზვავსაშიში და ღვარცოფული ადგილები. არ არის გამოყოფილი საშიში ზონები
- ჯუბახევი- ხადორის დაცული ტერიტორია ხვდება თუ არა სამშენებლო არეალში, გაუგებარია
მაჭარაშვილი ამბობს, რომ როგორ ჩანს, აპირებენ, დაცული ტერიტორიების ის ნაწილი, სადაც გზა გაივლის, ამოიღონ დაცული ტერიტორიებიდან.
“ფიზიკურად ცხოველებმა რა იციან, სტატუსი შეუჩერეს თუ არა დაცულ ტერიტორიას. ის ადგილები, რომლებიც აქამდე ადვილად ხელმისაწვდომი არ იყო თუნდაც ბრაკონიერებისთვის, უკანონო ხე–ტყის ჭრისთვის, ახლა გაიხსნება, შეწუხების ფაქტორი და საფრთხეები დაცული ტერიტორიებისთვის მოიმატებს”, – ამბობს მაჭარაშვილი.