მედიაორგანიზაციები – ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება მიუღებელია

მედიაორგანიზაციები, რომლებიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მათი მხრიდან პოლიტიკური შტურმი ხორციელდება, მიუღებლად მიიჩნევენ. ამის შესახებ მედიაორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ჩვენთვის მიუღებელია, კანონის მოწინააღმდეგე მედიისა და სამოქლაქო სექტორის წარმომადგენლები ,,პოლიტიკურ აქტივად”  მოიხსენიებოდეს, მიუღებელია, მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სიტყვა ეზღუდებოდეს მედიის წარმომადგენელს. კანონპროექტის განხილვის პროცესში მედიამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც არაერთგზის წარუდგინა პარალმენტს დასაბუთებული არგუმენტები. ჩვენ მედიის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად უკვე ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი გვაქვს, პარლამენტის თითოეული წევრი გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და მხარს არ დაუჭერს მაუწყებლობის შესახებ კანონის სადავო რედაქციის ამოქმედებას,”-წერია განცხადებაში.

განცხადებას ორგანიზაცია მაუწყებელთა ალიანსი ავრცელებს, რომელიც რეგიონულ ტელე და რადიოკომპანიებს აერთიანებს. მათ შორის- ტელეკომპანია გურჯაანი, ტვ რიონი, TV 25 და სხვა.

16 თებერვალს პარლამენტში, მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი განიხილეს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო 2018 წლის იანვარში დაადო. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, ბორდი და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილებოდა კანონპროექტის ორი საკითხი: საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო დრო და შესყიდვების საკითხი. სხდომის დასაწყისშივე ერთმანეთს სიტყვიერად  დაუპირისპირდნენ ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი და ირაკლი კობახიძე. დაპირისპირების მიზეზი სარეკლამო ბაზარი გახდა. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, სარეკლამო ბაზარი 2014 წლიდან მკვეთრად შემცირდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ უთხრა, რომ ტყუილის თქმის საშუალებას არ მისცემდა, რადგან მისი თქმით, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სარეკლამო ბაზარი 25 მლნ ლარით გაიზარდა. ამის  შემდეგ სხდომა ნინო ჯანგირაშვილმა დატოვა. სხდომის დასრულების შემდეგ, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი.

“პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჩვენ ყველა ვხედავთ რამდენიმე თვის განმავლობაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და, შესაბამისად, ის პროცესები, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მათ შორის კანონპროექტის განხილვის სახით, ბუნებრივია, დაკავშირებულია ხელისუფლებასთან. ისინი ცდილობენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შტურმის მიტანით შტურმი მიიტანონ ხელისუფლებაზე,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.