ახალი ამბები

მერია ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

20 თებერვალი, 2018 • 1842
მერია ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

დღეიდან, 20 თებერვლიდან, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის აშენებაზე თბილისის მერია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, მერიის მოკვლევის შედეგად დადგინა, რომ დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა 10 ადგილზეა შესაძლებელი, მათ შორის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელი იქნება 60 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იქნება ჩვენ მიერ წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. მათ ექნებათ გარკვეული ვადა, შეისწავლონ ჩვენ მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია და შემდეგ, პირველ რიგში, უნდა ჩაატარონ ტექნიკურ-ეკონომიკური კველვები. პროექტის განხორციელება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევების შედეგად დადგინდება მისი მიზანშეწონილობა”- აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, საპარკინგე ზონაში ადგილების 5% ელექტრომობილებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული, ასევე,  მათთვის უნდა არსებობდეს სპეციალური დამტენები. კალაძის თქმით, ეს ინტერესთა გამოხატვის აუციელებლი წინაპირობაა.

“მთლიანობაში პარკინგი გათვალისწინებული უნდა იყოს 180 მანქანაზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომელიც ჩვენი ვარაუდით 3 მილიონი ლარი დაჯდება, შეიძლება, ცოტა მეტიც” – განმარტავს თბილისის მერი. 

კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქალაქი არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ მიწისქვეშა პარკინგებზე, ქალაქში უნდა ჩატარდეს კვლევა იმისათვის, რომ შეირჩეს ადგილები, სადაც მიწისზედა პარკინგების მოწყობაა შესაძლებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი