პაატა იმნაძე – ჩუტყვავილით სიკვდილი უკიდურესად იშვიათია

“ყოველწლიურად საქართველოში ჩუტყვავილით 8-დან 10-ათასამდე ადამიანი ავადდება”, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, წელს ქვეყანაში დაავადების შემთხვევათა გახშირების ტენდენცია არ აღინიშნება.

“ყველამ იცის, რომ ეს ძალიან მარტივი დაავადებაა, რომელსაც ძალიან იოლად გადაიტანს ყველა ბავშვი. სწორედ ამიტომ, ჩუტყვავილის უმეტეს შემთხვევაში ექიმი საჭირო არაა”- განმარტავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად საქართველოში ჩუტყვავილით დაავადებულთა რიცხვი 8-დან 10-ათასამდეა, დაავადებით სიკვდილი უკიდურესად იშვიათია.

“ჩუტყვავილით სიკვდილიც უკიდურესად უშვიათესია და ეს ხდება მხოლოდ მაშინ,როდესაც პაციენტს ისედაც აქვს რაღაც პრობლემები ჯანმრთელობასთან. ასეთი შემთხვევები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება. რაც შეეხება ე.წ. სისხლმდენ ჩუტყვავილას,  ეს არის ჩუტყვავილის გართლებული ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ ემართებათ რაიმე სხვა თანმხლები პათოლოგიების მქონე პაციენტებს” – აღნიშნავს იმნაძე.

რაც შეეხება ვაქცინაციას, როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, არც საქართველოში და არც ევროპაში, დაავადების სიმარტივის გამო, ჩუტყვავილაზე არ ცრიან. ერთადერთი ქვეყანა კი, სადაც ეს ხდება – ამერიკის შეერთებული შტატებია. მისივე განმარტებით, სურვილის შემთხვევაში, აცრის ჩატარება დასავლეთ ევროპაშიც ძალიან რთულია, ვინაიდან მსოფლიოში მსგავსი პრეპარატის მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელი არსებობს.

“შარშან იყო მოთხოვნა ქვეყანაში ჩუტყვავილის აცრაზე და ბაზარზე შესაძლებელი იყო პრეპარატის შოვნა, თუმცა წელს მოთხოვნა აღარ არის. ეს ყოველთვის ასეა, თუ არის მოთხოვნა, არის ვაქცინაციაც” – განაცხადა იმნაძემ.

56-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ერთ-ერთი აღმსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილის გართულებული ფორმით, ე.წ. სისხლმდენი ჩუტყავილით გარდაიცვალა. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო განმარტავს, დაწესებულებაში უკვე ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები და მოკვლევის შემდეგ სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციების გაცემა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან