ბათუმში მეჩეთის აშენების უფლების მოსაპოვებლად სასამართლო განხილვა იწყება

დღეს, 20 თებერვალს, 12 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე პირველი სასამართლო სხდომა ჩატარდება. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (TDI) ცნობით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა  2017 წლის 10 ივნისს შეიტანა.

მეჩეთის მშენებლობის მიზნით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის გარდა, მუსლიმი თემი სარჩელით ითხოვს ბათუმის მერიის მხრიდან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას.

EMC-ის ცნობით, ამ კუთხით მოსარჩელე მხარე მოუწოდებს სასამართლოს, მხედველობაში მიიღოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი. მათ შორის, გასათვალისწინებელია საკულტო ხასიათის შენობა-ნაგებობის გახსნასა და მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმი თემის მიმართ ბოლო წლებში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის, დევნისა და სახელმწიფოს არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკის პრობლემაც.

“ამასთან,  იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არაერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმ თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციას წარმოადგენს”, – აცხადებს EMC.

მუსლიმი თემის უფლებებს სასამართლოში სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები- EMC და TDI იცავენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართლებრივი დავის პარალელურად, მუსლიმი თემი შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშვიდობიან შეკრებასა და რელიგიურ და სოციალურ მსახურებას აგრძელებს. ღია სივრცეში ლოცვას ასობით მუსლიმი რეგულარულად უერთდება და ამ გზით მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესს.

მუსლიმი თემი უკვე წლებია, ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვს. მათი თქმით, არსებული სალოცავი სივრცე საკმარისი არ არის, რის გამოც მორწმუნეებს ქუჩაში უწევთ ლოცვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.