აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: საომარი მოქმედებები ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა ზაქირ ჰასანოვმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან ბაქოში ოფიციალური შეხვედრის დროს განაცხადა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ “ფრონტის ხაზზე ერთმანეთის პირისპირ ორი შეიარაღებული არმია დგას, საომარი მოქმედებები ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს”. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო apa.az ავრცელებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. უკანასკნელი წლების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში მხარეებს შორის ყველაზე მწვავე შეიარაღებული დაპირისპირება 2016 წლის აპრილის დასაწყისში მოხდა. რამდენიმედღიან საომარი მოქმედებებს “აპრილის ომიც” უწოდეს.

კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიაზციამ, “საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა” (ICG) 2017 წლის 1 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი