ახალი ამბები

წულუკიანი გათავისუფლებულ თანამშრომლებს: ბოკუჩავას კალთას ამოფარებული მობრძანდით

19 თებერვალი, 2018 • 3074
წულუკიანი გათავისუფლებულ თანამშრომლებს: ბოკუჩავას კალთას ამოფარებული მობრძანდით

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს, ანა სუბელიანს და თამაზ ახობაძეს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა. სუბელიანი და ახობაძე იუსტიციის სამინისტროდან გაათავისუფლეს, რის შესახებაც მათ სამართლებრივი დავა მოიგეს.

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე). იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

დღეს, 19 თებერვალს, თეა წულუკიანი პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მოსმენაზე იმყოფებოდა. კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდნენ ანა სუბელიანიც და თამაზ ახობაძეც, მათ სურდათ იუსტიციის მინისტრისგან მიეღოთ პასუხი, თუ როდის აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა პარლამენტის დაცვამ მათ კითხვის დასმის საშუალება არ მისცა. მათ ნაცვლად კი მინისტრს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, თინა ბოკუჩავამ მიმართა.

თეა წულუკიანმა ანა სუბელიანს და თამაზ ახობაძეს უთხრა, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან და თინა ბოკუჩავას კალთას ეფარებიან:

“მათ მოიგეს სასამართლოს პროცესი იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის წინააღმდეგ. რაც შეეხება აღსრულებას, ეს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს იმ მოცემულობით და იმ მითითებებით ზედმიწევნით, რაც არის სასამართლო გადაწყვეტილებებში. თუ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს აღმოაჩნდება რაიმე ხარვეზი, მზად ვარ, ერთად მივმართო სასამართლოს. ბოლოს, თქვენ, ორივენი, მაშინ, როდესაც მუშაობდით იუსტიციის სისტემაში და როდესაც მაშინდელმა ხელმძღვანელმა გაგათავისუფლათ თუ თქვენით წახვედით, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. საზოგადოებას ეუბნებით, რომ ჩვენ პოლიტიკურად ნეიტრალურები ვართო და ქალბატონი თინას კალთას ამოფარებულები მობრძანდით, თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები”, – განაცხადა წულუკიანმა და სკომიტეტო მოსმენა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი