ახალი ამბები

კობახიძე მუხთარლის საქმეზე: ჩვენ შეგვიძლია პროკურატურას გამოძიებისთვის დრო მივცეთ

19 თებერვალი, 2018 • 1456
კობახიძე მუხთარლის საქმეზე: ჩვენ შეგვიძლია პროკურატურას გამოძიებისთვის დრო მივცეთ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არაა. თუმცა კობახიძე ასევე ამბობს, რომ პროკურატურას გამოძიებისთვის დამატებით დროს აძლევენ:

“ჩვენ თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ არ გამოვრიცხავდით საგამოძიებო კომისიის შექმნას. მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე ჩვენთვის, ამასთან დაკავშირებით ისმება ძალიან ხშირად, ბუნებრივია, კითხვები, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ესეც რომ არ იყოს, ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი გაირკვეს ის, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა, აქედან გამომდინარე პარლამენტი არის ამ მიმართულებით განსაკუთრებით დაინტერესებული. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამას სჭირდება აწონ-დაწონა. იცით, რომ იყო მოთხოვნა, შსს-დან გამოძიება გადასულიყო პროკურატურაში, რაც გაკეთდა. ახლა პროკურატურა იძიებს საქმეს, აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დამატებითი დრო მივცეთ პროკურატურას იმისათვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს გამოძიბა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროკურატურა გარკვეული სირთულეების წინაშე დგას. მაგალითად, არ შეუძლია მუხთარლის დაკითხვა. სწორედ ამიტომ მიაჩნია საჭიროდ საგამოძიებო ორგანოსთვის დამატებითი დროის მიცემა და საგამოძიებო კომისიის შესახებ ამის შემდეგ საუბარი.

დღეს, 19 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ნაწილმა პარლამენტისგან საგამოძებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების საქმეს გამოიძიებს.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ ის ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა თბილისის ცენტრიდან ერთობლივად გაიტაცეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მუხთარლი საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლა და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი