მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობა, შესაძლოა, გირაოთი შეეცვალოს – 1TV

მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობა, შესაძლოა, გირაოთი შეეცვალოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა  ჩაბუქის საექსტრადიციო პატიმრობის 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე.

“როგორც პროკურორმა აღნიშნა, ჩაბუქის წინასაექსტრადაციო პატიმრობის ვადა 23 თებერვალს იწურება და, შესაბამისად, მისი პატიმრობაში დატოვება არაგონივრული იქნება”, – იუწყება პირველი არხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის პროცესი მიმდინარეობს. პირველმა ინსტანციამ მისი თურქეთში ექსტრადიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

პროცესი #12 დარბაზში ტარდება, რომელიც მანდატურის განმარტებით, მხოლოდ 10 ადამიანს იტევს, რის გამოც ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების დიდ ნაწილს მასზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ. ნეტგაზეთის ჟურნალისტის ინფორმაციით, დარბაზში ამჟამად მხოლოდ 20-მდე ადამიანი იმყოფება.

დარბაზში მედიიდან მხოლოდ პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმყოფება, რომელსაც, მანდატურების განმარტებით, დასწრების ნებართვა წინასწარ ჰქონდა დაწერილი. პროცესს ასევე ჩაბუქის მეუღლე, NGO-ებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com