ახალი ამბებიხელოვნება

აღმაშენებელზე დამწვარი შენობა “ახალი ტფილისის” ფარგლებში 2 წლის წინ გაარემონტეს

19 თებერვალი, 2018 • 2751
აღმაშენებელზე დამწვარი შენობა “ახალი ტფილისის” ფარგლებში 2 წლის წინ გაარემონტეს

თბილისში, აღმაშენებელზე მდებარე შენობა, რომელსაც 18 თებერვალს ხანძარი გაუჩნდა, 2016 წელს “ახალი ტფილისის” ფარგლებში გაარემონტეს. დაზიანებული შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხანძრის შედეგად 1500 მ2-ის ფართობი დაიწვა. ცეცხლის გამო შენობის სახურავია დაზიანებული. ადგილზე 21 სახანძრო ბრიგადა იყო მისული.

აღმაშენებლის 60 ნომერში მდებარე შენობა ფოტო: მიხეილ გვაძაბია

ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლის მიხედვით დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, შენობაში არაფერი ფუნქციონირებს, ამიტომ ხანძრის დროს არავინ დაზარალებულა და არც იმის საშიშროება იყო, რომ ხანძარი მეზობელ შენობებზე გადასულიყო.

აღმაშენებლის 60 ნომერში მდებარე შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, მიხეილის ყოფილი საავადმყოფოს კომპლექსის ნაწილია. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ახალი ტფილისის” ფარგლებში მიხეილის საავადმყოფოს კომპლექსში შემავალ სამ შენობას, რომელთა ფასადები აღმაშენებლის გამზირზე გამოდის, რესტავრაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა, რომლის დროსაც გაილესა ფასადი და ახალი გადახურვა მოეწყო. “მიხეილის საავადმყოფოს” მთავარ შენობას, რომელიც ეზოს სიღრმეში დგას, რესტავრაცია არ შეხებია.

წინაისტორია

2013 წელს ეკონომიკის სამინისტროს სურდა, რომ შენობებისთვის, რომლებიც “მიხეილის საავადმყოფოს” კომპლექსს ქმნის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოხსნოდა. ამ მოთხოვნით მან კულტურის სამინისტროს მიმართა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას სტატუსი იმ შემთხვევაში მოეხსნება, თუ ის დაკარგავს იმ კულტურულ მნიშვნელობას, რის გამოც შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სამინისტროს დავალებით,  ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრმა შეისწავლა ამ შენობების მდგომარეობა და დაასკვნა, რომ ამ შენობების ფასადებს თავდაპირველი სახე შენარჩუნებული აქვს.

ჩუბინაშვილის ცენტრმა კულტურის სამინისტროს მიმართა, რომ ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნას იმსახურებენ და მათ ადგილას სასტუმროს, კაზინოს ან სხვა დანიშნულების ნაგებობის აშენება გაუმართლებელია.

2014 წელს მიხეილის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთი შენობა მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. შენობა, რომელიც საპატრიარქოს მთავრობის 23 აპრილის განკარგულებით გადაეცა, მეოცე საუკუნის შუა ხანებში აშენდა. ვლადიმერ ჟღენტმა, რომელიც საქართველოში პათანატომიის დამაარსებლად მიიჩნევა,  შენობაში პათანატომიის კათედრა, ლაბორატორია და პროზექტურა განათავსა, ხოლო მის გვერდით მდებარე გაუქმებულ ეკლესიაში, რომელსაც მიებჯინა ახლად აშენებული შენობა, პათანატომიის კათედრის აუდიტორია მოეწყო, სადაც სტუდენტებს ლექციები ეკითხებოდათ.

ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომლის ბალანსზეცაა მიხეილის საავადმყოფოს ყოფილი ტერიტორია, გაყიდვა სურს. 2015 წელს სახელმწიფომ ქონება 4 მილიონ დოლარად გაასხვისა პირობით, რომ აქ სასტუმრო აშენდებოდა.

თუმცა, კომპანია “აღმამ”, რომლის მფლობელი კორეელი ინვესტორი იყო, არ შეასრულა პირობები, რის გამოც მიხეილის საავადმყოფო სახელმწიფომ 2016 წლის ნოემბერში დაიბრუნა და ჯერ არაა გასხვისებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი