ახალი ამბები

უმრავლესობის ნაწილი მაუწყებლობის კანონის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს – ქანთარია

19 თებერვალი, 2018 • 1342
უმრავლესობის ნაწილი მაუწყებლობის კანონის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს – ქანთარია

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ამ საკითხზე სამსჯელოდ პარტიის წევრები შეიკრიბნენ.

დეპუტატების ნაწილი მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ ვეტოს დასაძლევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

“ვფიქრობ, საკმარისი ხალხია იმისთვის, ვინც ვეტოს დაძლევს. არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მეც. მე ვფიქრობდი, რომ გარკვეული ხნით მიგვეცა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს შეღავათები, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ ამის შემდეგ სხვა სიმაღლეზე ავიდოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ვფიქრობდი, რომ ერთი წლით ჩვენ შეგვეძლო კანონში ასეთი ცვლილება შეგვეტანა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ვეტოს მხარს არ უჭერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო იმ შენიშვნებს არ ითვალისწინებს, რაც ამ კანონპროექტის მიმართ თავად ჰქონდა.

“ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, სადაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობას ერთი კონკრეტული საკითხს მიმართ. ჩემი პოზიციაა თვითონ რეკლამასთან და კანონპროექტთან დაკავშირებით რჩება უცვლელი. პრეზიდენტის ვეტოში ასახული რომ ყოფილიყო სწორედ ის შენიშვნები, რაც მე მქონდა, ჩემთვის არავითარი პრობლემა არ იყო მისი მხარდაჭერა. მაგრამ რადგან ის თანხვედრაში არ იყო ჩემს პოზიციასთან, ამიტომ არ გავიზიარე ვეტო. ვეტოს გაზიარება ნიშნავდა, მაგალითად, იმას, რომ არ დავთანხმებულიყავი ჩემსავე პოზიციას, მაგალითად, სტარტაპებთან მიმართებაში,”-აცხადებს რომან კაკულია.

ქართული ოცნების წევრი ზაზა ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომზადებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს კვლავ დაუჭერს და პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება.

“პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში სხვა პრობლემა იყო ასახული და არა ის, რომელსაც კომიტეტმა დაუჭირა მხარი. საკითხი ეხებოდა, ერთი მხრივ, შესყიდვებს, მეორე მხრივ, სტარტაპებს. ამიტომ, როგორც ხედავთ, აზრთა სხვადასხვაობა იქაც არის, ვინც კანონს მხარს არ უჭერდა. ვფიქრობ, გამომიდინარე დეპუტატების განწყობიდან და იმის გათვალისწინებით, რომ კანონს მესამე მოსმენით მათ მხარი დაუჭირეს, არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ვეტო დაძლეული იქნება,” – განაცხადა ზაზა ხუციშვილი.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია  პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ გავრცელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

აგრეთვე, ახალი  რედაქციით, დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;

გარდა ამისა, ახალი რედაქციით განისაზღვრა კომერციული რეკლამის საზოგადოებრივ მაუწყებლებზე განთავსების წესიც.  საზოგადოებრივ მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ განთავსდება უქმე დღეებში, აგრეთვე, საუკეთესო დროს (19:00 – 24:00). კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. თუმცა იზრდება კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს( ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს.

პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო 2018 წლის იანვარში დაადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი