ახალი ამბებიკომენტარი

ჩხიკვაძე: გერმანიის მინისტრის განცხადება არ ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი უახლოეს დროში გაუქმდება

18 თებერვალი, 2018 • 4224
ჩხიკვაძე: გერმანიის მინისტრის განცხადება არ ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი უახლოეს დროში გაუქმდება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, თომას დე მეზიერი განაცხადა, რომ  იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან ვიზის დამრღვევთა რაოდენობა გაიზრდება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება. “ნეტგაზეთთან” საუბარში ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე გერმანელი მინისტრის განცხადებასა და მის მნიშვნელობას საქართველოსთვის განმარტავს.

როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, მაზიეს ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი დღეს ან ხვალ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს დააყენებს, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ასეთი განცხადებები საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს: 

“ყველა ის ნეგატიური სიგნალები, რაც მოდის, რომ დავაჯამოთ სხვადასსხვა წევრი ქვეყნებისგან, თუნდაც, ის ანგარიში, რომელიც გამოაქვეყნა ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროკავშირმა გასული წლის ბოლოს, ეს ყველაფერი არცთუ ისე სახარბიელო ტენდენციის მაჩვენებელია. მე ვიტყოდი, გარკვეულწილად საგანგაშოც. თუმცა ის, რომ ვიზალიბერალიზაციაზე მსგავსი განცხადება გააკეთა გერმანიის შს მინისტრმა, არ არის მოულოდნელი. საერთოდ, თუ გადავხედავთ წინა პროცესებს, დავინახავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროები სწორედ ისინი იყვნენ, ვინც ეწინააღმდეგებოდა ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. მსგავსი განცხადებები, ცხადია, საყურადღებოა, მაგრამ  პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი საშუალება არსენალში ჩვენ არ გვაქვს, “ – აცხადებს ჩხიკვაძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გერმანია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს დააყენებს, პროცესი დროში გაწელილია და უახლოეს მომავალში ქვეყანა ამ საფრთხის წინაშე არ დგას.

“მიუხედავად გერმანიის მნიშვნელობისა და წონისა ევროკავშირის შიგნით, ეს არ არის მარტო ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი საკითხი. ცხადია, შეიძლება დააყენოს ეს საკითხი, მაგრამ პროცედურულად ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დროში გაწერილილია. თითქმის იგივე გზა უნდა გავიაროთ უკან,  რაც გავიარეთ ვიზალიბერალიზაციის მონიჭებამდე. ზოგადად, რა თქმა უნდა, სახიფათოა ასეთი განცხადებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს და ხვალ ჩვენ ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რასაც ჰქვია უვიზო რეჟიმის შეჩერება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თავშესაფრების მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია, ასევე მოიმატა  საქართველოდან წასული, ან ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების რიცხვმაც, რომლებიც ჩართულნი არიან ორგანიზებულ დანაშაულში ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ხელს ნამდვილად არ გვიწყობს” – განმარტავს ჩხიკვაძე.

რაც შეეხება იმ პოლიტიკას, რომელიც საქართველომ შეიძლება გაატაროს პრობლემის აღმოსაფხვრელად, ექსპერტი განმარტავს:

“როგორც ვთქვი, ძალიან დიდი არჩევანი იმისა,  თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, არ გვაქვს.  თუმცა, გარკვეულწილად, რაღაც ქმედებები არის საქართველოს მხრიდანაც. სიტუაცია ნამდვილად არ არის ისე, თითქოს გულხელდაკრეფილი ვუყურებდეთ ამ ყველაფერს. ეს არის თუნდაც პოლიციის ატაშეების გაგზავნა, თუმცა ცალკე თემაა, თუ რამდენად მუშაობს ეს მეთოდი. მეორე არის, ვთქვათ, იგივე საინფორმაციო კამპანია. თუმცა აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს კამპანია მნიშვნელოვანია, არ ვიცით, ბოლომდე რა სარგებელს მოგვიტანს. ერთადერთი, რამაც შეიძლება საქმეს უშველოს, არის ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები. ჩვენ გვაქვს ასეთი პროგრამები პოლონეთთან და ესტონეთთან, მაგრამ მასშტაბი არის ძალიან პატარა. თანაც ასეთი შეთანხმებები მარტივი მისაღწევი არ არის და ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. ეს არ არის ისეთი საქმე, როდესაც მოლაპარაკებები იწყება დღეს და მთავრდება ხვალ” – აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.

მისივე განმარტებით, ის ჯერჯერობით ვერ ხედავს გერმანია-საქართველოს ზოგადი ურთიერთობების გაფუჭების საფრთხეს და ქვეყნის შს მინისტრის განცხადება,უარყოფითად არ აისახება იმ პროგრამებზე, რომლებსაც გერმანია საქართველოში აფინანსებს.


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს  გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, თომას დე მეზიერი განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან ვიზის დამრღვევთა რაოდენობა გაიზრდება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.

”ასე რომ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება. ჩვენ ჯერ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას არ ვაპირებთ, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურადაა ჩართული. ჩვენც, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ,” – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი