ახალი ამბები

კვირიკაშვილი: გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და მეგობარია

18 თებერვალი, 2018 • 2129
კვირიკაშვილი: გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და მეგობარია

“გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და დასაფასებელი და სანდო მეგობარი” – ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, საქართველოსთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე “ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა“ გააკეთა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გრძელდება. მიუნხენის რიგით 54-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე  საქართველო პანელურ დისკუსიაში არ მონაწილეობს, თუმცა გაიმართა ღონისძიება “ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა”, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა.

ამ ღონისძიებამდე  გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, თომას დე მეზიემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან ვიზის დამრღვევთა რაოდენობა გაიზრდება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.

” ასე რომ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება. ჩვენ ჯერ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას არ ვაპირებთ, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურადაა ჩართული. ჩვენც, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ,” – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თავის გამოსვლაში ვრცლად მომოიხილა საქართველო-გერმანიის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ
 90-იანი წლების დასაწყისში, გერმანიის ეკონომიკური დახმარების წყალობით, საქართველო იმ მძიმე პირობებს გადაურჩა, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა.

“მრავალგანზომილებიანი გახდა და დღეს მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ბევრ სხვა სფეროს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს დასავლურ გეზის განხორციელებაში. გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი და ევროკავშირის ინსტიტუციური მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს, იქცეს მდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნად”, – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო, უსაფრთხოებით კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორისაა ქართული ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და იძულებით გადაადგილებული პირები. როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, ქვეყანა არასდროსაა დაზღვეული რიგი საფრთხეებისგან.

“არავინ არის დაზღვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან, რის გამოც ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით, ჩვენს ორმხრივ კავშირებს გერმანიასთან. ეს კავშირები ნაცადი და საიმედოა და მათი ფესვები უნდა ვეძებოთ პირველ გერმანულ დასახლებებში, რომლებიც საქართველოში ზუსტად ორი საუკუნის წინ აღმოცენდა. გერმანიამ წამყვანი როლი შეასრულა 100 წლის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებაში. გერმანია დღესაც გადამწყვეტ როლს ასრულებს და გვევლინება საქართველოს სუვერენიტეტის და განვითარების გარანტად”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებითვე, საქართველო ძალიან აფასებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატო სტუმრის სტატუსს. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიის კულტურულ კავშირს, კერძოდ კი იმ ქართველ ავტორებს, რომლებიც გერმანიაში მოღვაწეობენ.

“ვფიქრობ, ეს არის არა მხოლოდ ქართველი მწერლების ლიტერატურული ნიჭის აღიარება, არამედ ჩვენს ერებს შორის თბილი გრძნობების სიმბოლოც: საქართველოს, როგორ ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას, და გერმანიას, როგორც დამკვიდრებულ ევროპულ დემოკრატიულ და ინდივიდუალურ თავისუფლებათა დამცველ ქვეყანას შორის. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ტექნიკურ საკითხებს, არამედ ასევე მოიცავს მწერლების, პოეტებისა და მხატვრების შემოქმედებითი წარმოსახვის ძალას, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ კულტურებს და ხოტბას ასხამს ჩვენი საერთო მსოფლიოს მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


გერმანიის შს მინისტრის განცხადებამდე, 8 თებერვალს რადიო WDR-ს ეთერში  ნორდრაინ-ვესტფალიის  ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა განაცხადა, რომ  რეგიონის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს განიხილავს.

გერმანიის რეგიონის პოზიციის გაცხადებიდან მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ზომების გამკაცრებას გეგმავს.

ამავე თემაზე: უკანონო მიგრაცია EU-ში გაგრძელდება, თუ არ იქნება წვდომა შრომის კანონიერ სქემებზე – IOM

მასალების გადაბეჭდვის წესი