ახალი ამბები

თურქეთში ექვს ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

17 თებერვალი, 2018 • 2032
თურქეთში ექვს ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლომ ექვს ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ყველა მათგანს ქვეყნის პროკურატურა 2016 წლის გადატრიალების მცდელობასა და აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელთან, ფეთიულაჰ გიულენთან კავშირს ედავებოდა.

გამოძიების მტკიცებით, ჟურნალისტები სატელევიზიო ეთერიდან და საგაზეთო სტატიებიდან გადატრიალების ხელშემწყობ “ფარულ მესიჯებს” აჟღერებდნენ. ბრალდებას ყველა მათგანი უარყოფდა, რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო და ეუთო, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებდნენ.

დაკავებულებს შორის არიან ძმები აჰმეთ და მეჰმეთ ალტანები – ვეტერანი ჟურნალისტები და მწერლები; ასევე, ცნობილი ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაქი, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის “მილიეთსა” და “ჰურიეთში” მუშაობდა. მათთან ერთად სამუდამო პატიმრობა ფევზი იაზიჯის, იაქუფ სიმსექსა და შუქრუ თუღრულ ოზსენგულსაც მიესაჯათ.

პარალელურად, თურქეთისა და გერმანიის მოქალაქე ჟურნალისტი დენიზ იუჯელი, რომელიც პოლიციამ გასული წლის თებერვალში დააკავა, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2017 წლის ანგარიშით, თურქეთი მედიის თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყანას შორის 155-ე ადგილზეა. ქვეყანაში ამ კუთხით ვითარება განსაკუთრებით 2016 წლის გადატრიალების მცდლეობის შემდეგ დამძიმდა. თურქეთის “ადამიანის უფლებათა პლატფორმის” ცნობით, ხელისუფლების გადაწყვეტიელნბით, 160 მედიაორგანიზაცია დაიხურა, რომელთა შორის 45 გაზეთი, 32 რადიო, 30 ტელევიზია და 19 ჟურნალია. პატიმრობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი იმყოფება.

თურქეთში გადატრიალენბის მცდელობას ადგილი 2016 წლის 15 ივლისს ჰქონდა. ხელისუფლების მტკიცებით, მის უკან სწორედ ფეთიულაჰ გიულენი და მისი ორგანიზაცია იდგნენ. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფდა. ივლისის მოვლენების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 50 000 ადამიანი დააპატიმრეს, 150 000 კი – სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, მასწავლებლები, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი