სტივ ბენონი. ფოტო: EPA/JIM LO SCALZO

სტივ ბენონი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე დაკითხეს

თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგი სტივ ბენონი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკითხეს. BBC-ის ცნობით,  იგი გამოძიების ხელმძღვანელს, იურისტ რობერტ მიულერს მიმდინარე კვირაში ორჯერ შეხვდა.

სანამ თეთრი სახლის ოფიციალური პირი გახდებოდა, ბენონი ტრამპის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, გამოძიებაში ჩართული პირები ეჭვობენ, რომ მთელ რიგ საკვანძო ინფორმაციას ფლობს, მათ შორის, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის გათავისუფლების მიზეზების შესახებ, რომელიც ამტკიცებდა, რომ პოსტიდან რუსეთის ფაქტორით დაინტერესების გამო გადააყენეს.

როგორც “Associated Press”-ს წყარომ განუცხადა, ბენონმა გამომძიებლებთან დაახლოებით 20 საათი დაჰყო და ყველა კითხვას უპასუხა.

ბრუსეთთან დაკავშირებული კითხვებზე პასუხის გაცემა ბენონს 15 თებერვალს, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზეც მოუწია. თუმცა, როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კონგრესმენების თქმით, თეთრის სახლის ყოფილმა სტრატეგმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

სტივ ბებონი თეთრი სახლის მთავარი სტრატეგის თანამდებობიდან გასული წლის 19 აგვისტოს გათავისუფლდა. მაშინ ადმინისტრაციის პრესსპიკერი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება ორმხრივი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან