ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Unicef-ის მიერ შეთავაზებული ვაქცინა აფხაზეთში საეჭვოდ მიაჩნიათ

16 თებერვალი, 2018 • 3133
Unicef-ის მიერ შეთავაზებული ვაქცინა აფხაზეთში საეჭვოდ მიაჩნიათ

სოხუმში აფხაზმა გინეკოლოგებმა, ონკოლოგებმა და პედიატრებმა მრგვალ მაგიდასთან განიხილეს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოყენების პერსპექტივა. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას სთავაზობს ადამიანის პაპილომა ვირუსის ოთხი ონკოლოგიური შტამის წინააღმდეგ  პრეპარატ “გარდასილით” არასავალდებულო ვაქცინაციას. გაეროს ბავშვთა ფონდმა იუნისეფმა აფხაზეთს “გარდასილის” შესთავაზა ადამიანისთვის საჭირო იმუნიზაციის 1500 დოზა.

ვაქცინაციასთან დაკავშირებული კამათი საზოგადოებასა და სამედიცინო წრეებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაკტინა ლაკერბაიას პრესკონფერენციის შემდეგ დაიწყო. მაშინ ლაკერბაიამ აზრი გამოხატა იმის შესახებ, რომ “გარდასილი” აფხაზეთში “აპრობაციას” გაივლის და სარეკომენდაციო ხასიათის უნდა იყოს.

მრგვალ მაგიდასთან შეკრებილი ექიმების აზრიც ორად გაიყო. რესპუბლიკის მთავარი ექიმი ლუიდმილა სკორიკი ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დანერგვის მომხრეა. თუმცა ექიმი ფიქრობს, რომ ვაქციანაცია არჩევითი უნდა იყოს და ექიმების ზედამხედველობის ქვეშ ტარდებოდეს.

“არ შეიძლება, უბრალოდ, მიხვიდე და ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა გაიკეთო. თავიდან ამ ვირუსზე ანალიზი უნდა ჩააბარო, რადგან, თუ ადამიანი უკვე ვირუსის მატარებელია, ვაქცინას შეუძლია მდგომარეობა გაურთულოს. ადამიანის პაპილომა ვირუსი არ არის სოციალურად საშიში დაავადება. ამიტომაც არ მგონია, რომ ეროვნულ კალენდარშია შესატანი ეს ვაქცინა, თუმცა მსოფლიოს 62 ქვეყანაში სავალდებულო აცრებს შორისაა”, – ამბობს სკორიკი.

მეან-გინეკოლოგი ოქსანა ჭითანავა “გარდასილის” ვაქცინასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს არ გამოთქვამს და ამბობს, რომ საკითხს ჯერ კიდევ მსოფლიოს ავტორიტეტული ექიმები იკვლევენ და საკუთარი პრაქტიკიდან ციფრები მოჰყავს:

“ჩემს პრაქტიკაში ახალი შემთხვევებიდან 48-ში საშვილოსნოს ყელის კიბო აღმოჩნდა და ყველა მათგანი ადამიანის პაპილომა ვირუსით იყო დაინფიცირებული. საშვილოსნოს ყელის კიბო ახალგაზრდავდება, დღეს ეს მაჩვენებელი 30-დან 55-წლამდე მერყეობს”.

საბავშვო პოლიკლინიკის პედიატრი ესმა გუნია კი ჰყვება იმის შესახებ, რომ დღესდღეობით ბევრი დედა აფხაზეთში მზადაა აცრას საკუთარი შვილი ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ, რათა მომავალში კიბოსგან დაიცვას.

“მოდიან დედები, რომლებიც თანახმა არიან გადაიხადონ ფული და შვილები აცრან, მით უმეტეს, დღეს იუნისეფი ამ ვაქცინას უფასოდ გვთავაზობს”.

თუმცა სოხუმის სამშობიარო სახლის ექიმები, ასიდა ბიგვავა და ესმა შონავა ვაქცინის შემოტანის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. “მე ჩემს შვილებს არ გავუკეთებ ამ აცრას. რატომ უნდა გახდეს აშკარა დემოგრაფიული პრობლემების მქონე მცირე საზოგადოება რომელიღაც ფარმაცევტული კომპანიის ექსპერიმენტულ პოლიგონად? ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვაქცინა გოგონებში უშვილობას არ გამოიწვევს?”- ამბობს ესმა შონავა.

მეან-გინეკოლოგი ასიდა ბიგვავაც ვაქცინის დანერგვის პერსპექტივას უკიდურესად ნეგატიურად აფასებს.

მისი აზრით, თუ აფხაზეთში ადამიანის პაპილომა ვირუსის ეპიდემია არ არსებობს, აცრა ზედმეტია. “მე არ ვენდობი იუნისეფს. ჩვენ არ ვიცით, რითაა ეს ორგანიზაცია აქ დაკავებული. მათი საქმიანობა დახურულია. ისინი მხოლოდ ამ პრეპარატის რეკლამას ეწევიან, შედეგებზე კი არ საუბრობენ. ინტერნეტში გვიწევს ძირითადი ინფორმაციის მოძიება და ეს ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხველია. მე ვიპოვე კვლევა, რომლის შესაბამისად, ეს ვაქცინა იწვევს უშვილობას, კიბოს და სიკვდილსაც კი”, – ამბობს ასიდა ბიგვავა.

კოლეგა ლიანა ტუჟბა კი მას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ არასავალდებულო ვაქცინაციის შესახებ პროტოკოლი რუსეთში 2017 წელს მიიღეს.

“რუსეთის წამყვანი ინსტიტუტების წამყვანი სპეციალისტები ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრის მომხრე არიან. ჩვენ რატომღა განვიხილავთ ამ საკითხს, ათას სისულელეს ვიგონებთ და მოსახლეობა შეცდომაში შეგვყავს?”.

შეფასებებში არც ისე კატეგორიული იყო ექიმი-ონკოლოგი ბატალ კაცია. მას არ უსაუბრია ვაქცინაციის ეფექტურობაზე, რადენადაც მისი თქმით, ეს პრაქტიკა საკმაოდ ახალია – მხოლოდ 15 წელია მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკას მიმართავენ, ეს კი მედიცინისთვის არ არის დიდი ვადა.

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო მრავალფაქტორულია და ადამიანის პაპილომა ვირუსი ერთ-ერთი ფაქტორია. არ არის ასე, რომ ვირუსის მატარებელი აუცილებლად კიბოთი დაავადდება, როგორც ის, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრის შემდეგ კიბოთი არ დაავადდება”, – ამბობს ბატალ კაცია.

ონკოლოგის თქმით, კიბოსგან დაცვის უფრო ეფექტური საშუალება ადრეული დიაგნოსტიკა და ყოველწლიური სკრინინგია, რისი საშუალებაც აფხაზეთში არსებობს.

საბოლოოდ, გუშინდელ შეხვედრაზე ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვაქცინაციის შემოღებისთვის კონსილიუმი უნდა გაიმართოს და მოსახლეობის აზრითაც დაინტერესდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი