ბერლინალე 2018-ის ერთ-ერთ სექციაში ქართული რომანი წარდგება

ბერლინალეს კინოფესტივალის Co-Production Market-ის სექცია Books at Berlinale-ზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად წარდგება – მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები დათო ტურაშვილის რომანს „სხვა ამსტერდამი“ გაეცნობიან.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ცნობით, 19 თებერვალს დაგეგმილ “ფიჩინგზე” წიგნს წარადგენს  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საავტორო უფლებების მენეჯერი, მიხეილ ციხელაშვილი.

ღონისძიებას თავად ავტორი დათო ტურაშვილი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, რეჟისორები, პროდიუსერები და ჟურნალისტები დაესწრებიან.

წიგნის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, “ფიჩინგის” შემდეგ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სახელით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, გაიმართება მიღება, სადაც ქართული დელეგაცია საერთაშორისო ლიტერატურული და კინოსფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

Books at Berlinale ბერლინალეს კინოფესტივალისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი პროექტია. აღნიშნულ ფორმატში ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ასობით სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურული ნაწარმოები იგზავნება, სპეციალური ჟიური კი მხოლოდ 12 საუკეთესოს არჩევს.

წელს 30 ქვეყნის 150 განაცხადიდან საუკეთესო წიგნები შეირჩა საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან.

ბერლინალეს კინოფესტივალის Co-Production Market-ის სექცია Books at Berlinale-ს მიზანია ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალფეროვანი თემატიკისა და  ჟანრის ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების კინოეკრანიზაციისთვის შერჩევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com