აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების გაფრთხილება Huawei-სა და ZTE-ს პროდუქციაზე

ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები მომხმარებლებს აფრთხილებენ, არ გამოიყენონ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების, “Huawei-სა” და “ZTE-ს” პროდუქცია

რეკომენდაცია სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებმა სენატში მოსმენაზე გაავრცელეს. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ხელმძღვანელები სენატში გამართულ შეხვედრაზე ამბობდნენ, რომ Huawei-სა და ZTE-ს მოწყობილობები ამერიკის უსაფრთხოებას ემუქრება.

გაფრთხილება ძირითადად ეხება სპეცსამსახურებსა და მთავრობას, თუმცა, როცა რესპუბლიკელმა სენატრომა, ტომ კოტონმა მომხსენებელებს ჰკითხა, ურჩევდნენ თუ არა ამერიკის უბრალო მოქალაქეებს ამ კომპანიების პროდუქციის გამოყენებას – არცერთმა მათგანმა ასეთი რეკომენდაცია არ გასცა.

FBI-ს დირექტორი კრის ვრეი განამრტავს, რომ ორივე ჩინური კომპანია ადგილობრივ მთავრობასთანაა დაკავშირებული:

“რისკი ყოველთვის არსებობს, როცა ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სისტემაში შემოდის კომპანიები, რომლებიც უცხოეთის მთავრობებს ეკუთვნით” – ამბობს ვრეი.

“ჰუავეი” საკომუნიკაციო მოწყობილობების მსოფლიო ლიდერია. ამერიკის მთავრობამ კომპანიის მოწყობილობების შესყიდვა რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს აუკრძალა.

“ამ კომპანიების მოწყობილებები იძლევა საშუალებას, მოხდეს მათი მოდიფიცირება. შესაძლებელია ინფორმაციის მოპარვაც. ეს ყველაფერი კი შპიონაჟის საშუალებას იძლევა” – ამბობს ვრეი.

ჰუავეიში აცხადებენ, რომ მსოფლიოს 170 ქვეყანაში ოპერირებენ, სადაც მომხმარებლებისა და მთავრობის ნდობა აქვთ. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი პროდუქცია იმაზე მეტ კიბერუსაფრთხოების რისკს არ შეიცავს, ვიდრე სხვა მსგავსი პროფილის კომპანიების პროდუქტი.

ZTE-ში კი აცხადებენ, რომ მაღალი ბიზნესსტანდარტები აქვთ და ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობას სრულად იცავენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.