შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე 100-დან 50 000 ლარამდეა ჯარიმა – კანონპროექტი

დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს, რომლის ძირითადი საკითხები კანონდამრღვევი დამსაქმებლების ჯარიმების რაოდენობასს, კანონის მოქმედების სფეროს და მონიტორების უფლებამოსილებას ეხება.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 2017 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა. თუმცა მოგვიანებით განხილვები გადაიდო და 8-თვიანი ინტერვალის შემდეგ ისევ განახლდა.

სანქციები

“სანქციები არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ეფექტური სისტემის შექმნა, მხოლოდ სანქციებით და დაჯარიმებით, განსაკუთრებით ასტრონომიული სანქციების დაწესება, რასაც ხანდახან ვისმენთ, ვერ მივაღწევთ ეფექტური სისტემის შექმნას. მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს დარღვევების გამოსწორებას და არა დაჯარიმებას”, – ამბობს კობა ნანუაშვილი, ბიზნესასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი.

კობა ნანუაშვილი ამბობს, რომ ფულადი სანქციების ნაცვლად ჯობია, მათ შეუჩერდეთ საწარმოო პროცესი.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წევრი ლინა ღვინიანიძე მიესალმება კანონპროექტის წინა ვერსიისგან განსხვავებით ჯარიმების ოდენობების გაორმაგებას.

“ეს არის საკითხი, რომელიც მეტ–ნაკლებად გაიზიარეს. რაც ვფიქრობ, რომ არის პარლამენტის დიდი დამსახურება, ეს იყო ის საკითხი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მოლაპარაკების საგანი პარლამენტს მთავრობას და ჩვენ შორის”, – ამბობს ლინა ღვინიანიძე.

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის ახალი ვერსიის მიხედვით, მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტების მოთხოვნების (სადაც მითითებულია დაცვის ის საშუალებები, რომლებიც უნდა გამოიყენონ დასაქმებულებმა უსაფრთხოებისთვის) პირობების დარღვევა 100-დან 50 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის რეგლამენტების პირობების დარღვევაზე სანქცია შეიძლება იყოს სამგვარი:

  • არაარსებითი;
  • არსებითი;
  • კრიტიკული.

სამივე ტიპის დარღვევაზე სანქციები სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ რამდენი აქვს წლიური ბრუნვა საწარმოს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის მოთხოვნების შეუსრულებლობა მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებზე

არაარსებითი შეუსაბამობა:

მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტის მოთხოვნებთან არაარსებითი შეუსაბამობა თავდაპირველად გამოიწვევს გაფრთხილებას, შემდეგ კი, თუ კომპანია არ გამოასწორებს ვითარებას  – ფულად სანქციებს.

არაარსებითი შეუსაბამობის დროს 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით  რეგლამენტით დადგენილი ყოველი პირობის შეუსრულებლობაზე, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარისა.

100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი [დამსაქმებელი] დაჯარიმდება 200 ლარით თითოეულ დარღვევაზე, მაგრამ არა უმეტეს 4 000 ლარისა.

დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირისთვის, რომლის დასაბეგრი თანხა წლიურად არ აღემატება 100 000 ლარს, ჯარიმა იქნება 200 ლარი თითოეულ დარღვევაზე, მაგრამ არაუმეტეს 4000 ლარისა.

დღგ-ს გადამხდელი პირი, რომლის დღგ-თი დასაბეგრი თანხა წლიურად 100 000 – 500 000 ლარია, დაჯარიმდება 400 ლარით რეგლამენტით დადგენილ თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 6 000 ლარისა,

ვისი დღგ-თი დასაბეგრი თანხაც აღემატება 500 000 ლარს, ისინი დაჯარიმდებიან 600 ლარით თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 8 000 ლარისა.

იურიდიული პირი, რომელიც არაა რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, გარდა ფიზიკური პირისა, დაჯარიმდება 100 ლარით თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 2 000 ლარისა.

არსებითი შეუსაბამობა:

ფიზიკური პირი, რომელსაც 100 000 ლარი აქვს შემოსავალი, დაჯარიმდება 400 ლარით რეგლამენტის თითოეულ დარღვევაზე, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა.

100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის შემთხვევაში- 800 ლარით თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 6 000 ლარისა.

დღგ-ს გადამხდელი, რომლის დასაბეგრი თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, 800 ლარით დაჯარიმდება თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 6 000 ლარისა.

დღგ-ს გადამხდელი პირი, რომლის დასაბეგრი თანხა 100 000 – 500 000 ლარია, დაჯარიმდება 900 ლარით რეგლამენტის წესის თითოეულ დარღვევაზე, არაუმეტეს 10 000 ლარისა.

ვისი დასაბეგრი თანხაც 500 000 ლარზე მეტია,  დაჯარიმდება 1000 ლარით, არაუმეტეს 14 000 ლარისა.

პირი, რომელიც არაა დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, მაგრამ აქვს არსებითი დარღვევა, დაჯარიმდება 400 ლარით, არაუმეტეს 3000 ლარისა.

კრიტიკული შეუსაბამობა:

კრიტიკული შეუსაბამობის დროს ნებისმიერი შემოსავლის მქონე პირისთვის გამოიწვევს წარმოების შეჩერებასთან ერთად დაჯარიმებას:

  • 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისთვის 10 000 ლარის ოდენობით
  • 100 000 ლარის ან მეტის შემოსოავლის მქონე ფიზიკური პირისთვის 20 000 ლარის ოდენობით
  • დღგ–ს გადამხდელი, რომლის დასაბეგრი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება
  • დღგ–ს გადამხდელი, რომლის დასაბეგრი თანხა 100 000–500 000 ლარია, დაჯარიმდება 30 000 ლარის ოდენობით
  • დღგ–ს გადამხდელი, რომლის დასაბეგრი თანხა აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმდება 50 000 ლარის ოდენობით
  • პირი, რომელიც არაა დღგ–ს გადამხდელად რეგისტრირებული (ფიზიკური პირის გარდა), დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით

სანქციის დაწესებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში იგივე დარღვევა გამოიწვევს ორმაგად დაჯარიმებას.

დასაქმების ადგილი

ლინა ღვინიანიძეს მიაჩნია, რომ კანონის მოქმედება უნდა გავრცელებულიყო ყველა სამუშაო ადგილზე, თუმცა მთავრობამ მხოლოდ გარკვეული ტიპის საწარმოები შეარჩია, რომლებიც შემოწმებას დაექვემდებარებიან.

“მოქმედების სფერო უნდა ყოფილიყო უფრო ფართო, ვიდრე საქართველოს მთავრობა გვთავაზობდა. ეს უნდა შეხებოდა დასაქმების ყველა ადგილს, თუმცა ეს შენიშვნა არაა გაზიარებული მეორე მოსმენისას”, – განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

აუდიტორია 115–ის წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ კანონპროექტი ვერ დაიცავს დასაქმებულებს.

“სინამდვილეში ეს არის ფარსი. კონტროლის მექანიზმს მოკლებული შრომის ინსპექცია. რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იღუპებიან ყოველ მესამე დღეს საქართველოში. შესაბამისად, აქ მოვედით იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი რადიკალური კრიტიკული მოსაზრებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით”, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ბიზნესასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი ამბობს, რომ სადაც არსებობს მაღალი რისკის დასაქმებულების დაზიანება, იქიდან უნდა დაიწყოს კანონმა მოქმედება.

“შრომის უსაფრთხოების სისტემა არის კომპლექსური საკითხი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია შრომის ინსპექცია, ამ საკითხში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური მიღწევები და შრომის კულტურა. სახელმწიფო, დამსაქმებელი და დასაქმებული უნდა მონაწილეობდეს სისტემის შექმნაში”, – განაცხადა კობა ნანუაშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა დაადგენს იმ სფეროების ჩამონათვალს, სადაც იმოქმედებს მონიტორინგი. შალვა თადუმაძემ საკომიტეტო მოსმენის დროს განაცხადა, რომ ეს ჩამონათვალი მინიმუმ 11 სფეროს შეეხება.

მონიტორინგი

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მონიტორებს მოსამართლის ნებართვის გარეშე არ შეეძლებათ შესვლა საწარმოში, თუ იქ რამე ინცინდენტი არ მოხდა, ან გეგმური შემოწმება არ იქნება.

შალვა თადუმაძის განმარტებით, თუკი მონიტორს ექნება სურვილი, რომ მოქალაქის განცხადების საფუძველზე შეამოწმოს ესა თუ ის საწარმო, მას დასჭირდება მოსამართლის ნებართვა.

რაც შეეხება ხელახალ ინსპექტირებას, მონიტორებს ხელახალი ინსპექტირება მოსამართლის ნებართვის გარეშე შეეძლებათ.

კანონპროექტის მიხედვით, საწარმოები, რომლებსაც მონიტორები შემთხვევითი კონტროლის წესით შეარჩევენ, საჯარო ინფორმაცია არ იქნება. ეს პუნქტი კანონპროექტის ახალ ვერსიას დაემატა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წევრი ლინა ღვინიანიძე აცხადებს, რომ ამ ნაწილში მთავრობამ არ გაიზიარა მათი მოთხოვნა.

“ამ ნაწილშიც მთავრობამ არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და მხოლოდ გეგმურად რემონიტორინგის დროს შედის ინსპექცია, სხვა შემთხვევაში მას სჭირდება სასამართლო ნებართვა”, – განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com