ახალი ამბები

რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის

15 თებერვალი, 2018 • 3382
რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობის  მხარეები მუდმივად საუბრობენ შავ ზღვაში თანამშრომლობის შესახებ, კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ იდგმება. როგორ შეიძლება საქართველო, როგორც არაწევრი ქვეყანა, ნატომ ჩართოს შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში?

შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტი

“როიტერის” ცნობით, რუმინეთში, შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში ნატომ 4 000 რუმინელ და ნატოს სხვა 9 წევრი ქვეყნის ჯარისკაცები ჩართო, მათ შორის, 900 ამერიკელი ჯარისკაცი. ადამიანური სამხედრო ძალის გარდა, ოპერაციებში საზღვაო და საჰაერო აღჭურვილობასაც იყენებენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ნატო შავი ზღვის ტერიტორიაზე პატრულირებს. კანადა კონტროლებს რუმინეთის საჰაერო სივრცეს, ხოლო იტალია – ბულგარეთის. შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტის დაწყება იმასაც ნიშნავს, რომ რუმინეთისა და ბულგარეთის პორტებში უფრო მეტი სამხედრო სწავლება და წვრთნა იქნება.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის რეგიონში გაძლიერება ვარშავის სამიტის შემდეგ გადაწყვიტა. ნატო მიიჩნევს, რომ უკანასკნელ წლებში შავი ზღვის რეგიონში სიტუაცია გაუარესდა უსაფრთხოების კუთხით. ამ მხრივ გადამწყვეტი გახდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის რეგიონზე დიდი კონტროლი მოიპოვა. რუსეთმა ბევრი რესურსი დახარჯა სევასტოპოლში თავისი ფლოტის მოდერნიზებისთვის, გააძლიერა საჰაერო თავდაცვითი საშუალებები, განავითარა სარაკეტო სისტემები, რომლებსაც შეუძლია, იოლად და სწრაფად მიაღწიოს შავი ზღვის რეგიონის ნებისმიერ ქვეყნას.

საქართველოს მთავრობის მოლოდინები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით უწყება ნატოსთან მუშაობს და სურვილი აქვს, რომ არსებული დიალოგი გაღრმავდეს და კონკრეტულ ქმედებებში აისახოს. მინისტრი ასევე ამბობს, რომ საქართველო იმ დოზით ჩაერთვება ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, რა დოზითაც ამას ქვეყნის დღევანდელი სტატუსი ითვალისწინებს. დამატებითი დეტალები ამ საკითხზე, სავარაუდოდ, გაირკვევა ნატოს 2018 წლის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.

შეკითხვაზე, კონკრეტულად რა ფორმის თანამშრომლობას გულისხმობს ეს მოლოდინი, მინისტრმა გვიპასუხა:

“როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უფრო კონკრეტულად ამაზე საუბარი მერე შეგვეძლება”.

ნატოს არაწევრი შვედეთისა და ფინეთის მაგალითი

იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ არის თეორიულად შესაძლებელი საქართველოს ჩართვა ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში, შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ თანამშრომლობენ ნატოს არაწევრი ქვეყნები – შვედეთი და ფინეთი – სამხედრო ალიანსთან ბალტიის ზღვაში. 

პოლონეთში არსებული “აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის” მიერ მომზადებულ ანალიზში წერია, რომ გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, ნატოს არაწევრი ქვეყნები, ფინეთი და შვედეთი, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბალტიის ქვეყნებში ნატოს ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებაში. 2014-15 წლებში შვედეთი და ფინეთი რეგულარულად მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში ნატოსთან ერთად. შვედეთი და ფინეთი მონაწილეობდნენ როგორც ნატოს სამშვიდობო პროგრამაში, ისე – ბალტიის რეგიონის მუდმივმოქმედ წვრთნებში (FSTE).

წვრთნების სერიის პირველი ეტაპი 2015 წლის მარტში ჩატარდა. საწვრთნელი კონტინგნეტი შვედებით, ფინელებითა და ამერიკელებით იყო დაკომპლექტებული. 2015 წლის მაისში კი შვედეთმა და ფინეთმა, ნორვეგიასთან ერთად, ევროპაში ყველაზე დიდ საჰაერო წვრთნებს გაუწიეს ორგანიზება, რომელშიც 100 საჰაერო ერთეული იყო ჩართული. შვედეთის, ფინეთისა და ნორვეგიის გარდა, საწვრთნელ ოპერაციაში ჩართული იყვნენ საფრანგეთი, აშშ და გერმანია.

თავად ნატო წერს, რომ შვედეთმა 3 მიმართულებით დასახა პრიორიტეტები:

  1. პოლიტიკური კონსულტაცია;
  2. წვრთნები;
  3. ინფორმაციის გაზიარება.

2016 წელს, ვარშავის სამიტის შემდეგ, ნატომ ხაზი გაუსვა შვედეთთან და ფინეთთან მუდმივი პოლიტიკური კონსულტაციისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას.

2016 წლის სექტემბერში შვედეთმა ეროვნული წვრთნები “აურორა” ჩაატარა, რომელშიც რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად მონაწილეობდა აშშ. ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები იყო, რომელიც ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩაატარა და მასში 20 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა.

როგორ ხედავენ საქართველოს შანსს ექსპერტები

უშიშროების საბჭო მდივნის მოადგილე და “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის” უფროსი მკვლევარი შოთა ღვინერია მიიჩნევს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმატში საქართველო ჩართული უნდა იყოს როგორც ერთობლივ პატრულირებაში, ასევე, სხვა ოპერაციებშიც. მით უფრო, რომ ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ISAF-ის მისიაში.

საქართველოს ნატოსთან საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს. ღვინერია იხსენებს ოპერაციას “აქტიური ძალისხმევა” (Active Endevor), რომელშიც საქართველოც იყო ჩართული. “აქტიური ძალისხმევა” ხმელთაშუა ზღვაზე ნატოს ანტიტერორისტული საზღვაო-სადამკვირვებლო ოპერაციაა.

როგორც შოთა ღვინერიამ “ნეტგაზეთს”უთხრა, საქართველო ნატოსთვის არაერთი მიზეზის გამოა საინტერესო:

“ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ შავ ზღვაზე გაგვაჩნია და რომელიც შავი ზღვის რეგიონს აკავშირებს სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია, კასპიის ზღვის აუზი – ეს უკვე ეკონომიკური და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით. ეს არის უმოკლესი და ყველაზე სტრატეგიული გასასვლელი ახლო აღმოსავლეთში. ჩვენი სტარტეგიული პორტები და ინფრასტრუქტურა, მდებარეობის გათვალისწინებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნატოსთვის”.

შოთა ღვინერია ამბობს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების ლანდშაფტი რთულია და ნატოს პროექტებში საქართველოს ჩართვის გაჭიანურებაში ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ნატოს შავი ზღვის სამი წევრი ქვეყანა ჰყავს [რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი], ასევე, ორი პარტნიორი ქვეყანა [საქართველო და უკრაინა] და არსებობს კიდევ ერთი სახელმწიფო რუსეთი, რომელიც დანარჩენ 5 ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან როგორც პოლიტიკური ორიენტაციით, ისე – სამხედრო შესაძლებლობებით.

“ერთობლივ მიდგომაზე ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთის მილიტარიზაციიდან მომდინარე საფრთხეს, რთულია. ხუთივე ქვეყანას აქვს თავისი ურთიერთობა რუსეთთან, რეგიონის დანარჩენ ქვეყნებთან და ნატოსთან, ამიტომ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, ძალიან რთული მისაღწევია. სქემა ასეთია: ჯერ უნდა შეთანხმდეს ნატოს წევრი სამი ქვეყანა, როგორია მათ ერთობლივი ხედვა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ამის შემდეგ დანარჩენ ორ პარტნიორთან მოხდება ამის გაზიარება და ამის მერე დაიწყება უკვე საუბარი ბრიუსელში, ნატოს ფორმატში. სწორდ აქ, ფართო კონტექსტში მოხდება კონკრეტულად საქართველოსა და უკრაინის როლის განსაზღვრა”, – უთხრა ღვინერიამ “ნეტგაზეთს”.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით საქართველომ ნატოსთან თავად უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. მისივე მოსაზრებით, ყველაზე დიდი აქცენტი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურასა და საქართველოს, როგორც მიმღები ქვეყნის შესაძლებლობების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.

“ესაა პორტების, აეროპორტებისა  და აეროდრომების, ლოჯისტიკური და სასაწყობე ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს თავისთავად არის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი და ამ ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. ამ მიმართულებით, შესაძლებელია, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საქართველომ და აქ თავად გამოიჩინოს ინიციატივები”, – ამბობს სიხარულიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი