ახალი ამბებისამართალი

რომელ სფეროებზე გავრცელდება შრომის უსაფრთხოების კანონი

15 თებერვალი, 2018 • 3564
რომელ სფეროებზე გავრცელდება შრომის უსაფრთხოების კანონი

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენლის, შალვა თადუმაძის განმარტებით, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, სულ მცირე, 11 სფერო განისაზღვრება. სწორედ ამ სფეროზე გავრცელდება შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნები. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს კანონის გავრცელების არეალის დავიწროებაა.

თადუმაძის განმარტებით, ამ 11 სფეროს, რომელთა ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, შეიძლება კიდევ დაემატოს სხვა სფეროებიც.

თადუმაძემ ჩამოთვალა ეს სფეროები:

  1. მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება. მასში შედის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების მშენებლობა, ცემენტი, თაბაშირი, ალებასტი, კირი, გაჯი და სხვა წარმოება, ასფალტბიტუმის წარმოება, რკინაბეტონის წარმოება, ქვის საჩამომსხმელო ნაწარმის წარმოება, საიზოლაციიო და რულონური სახურავის წარმოება. ამწე მოწყობილობებთან დაკავშირებული სამუშაოები;
  2. სამთოგეოლოგიური შახტები, როგორც მიწისქედა, ასევე მიწისქვეშა სამუშაოები, კარიერები, მატერიალური და არამატერიალური სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. სამსხვრევ-სახარისხებელი სამუშაოები, მამდიდრებელი და ბურღვა-საფეთქებელი სამუშაოები;
  3. მეტალურგიული სამუშაოები, გეო-მეტალურგიული სამუშაოები;
  4. ელექტროენერგეტიკა, ელექტროენერგეტიკული მრეწველობა, ქვესადგურები, ჰესები, მაღალი და დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები;
  5. ნავთობისა და გაზის მრეწველობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება. მაგისტრალური ნავთობსადენები და გაზსადენები, გასამართი სადგურები, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, ნავთობის გამოხდა;
  6. ქიმიური წარმოება, ორგანული და არაორგანული პროდუქციის წარმოება;
  7. ლითონდამუშავება, ჩამოსასხმელი წარმოება, საზეინკლო და სამჭედლო სამუშაოები, თერმული დამუშავება;
  8. მინის წარმოება, მინის ხარშვა;
  9. მერქნის, ხე-ტყის დამამუშავებელი მრეწველობა, ავეჯის წარმოება;
  10. საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობა,ტექსტილის საწარმოები;
  11. ტრანსპორტი, მეტროპოლიტენი, რკინიზგზა, საზღვაო ნავსადგურები, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი.

თადუმაძემ აღნიშნული განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მოხსენებისას, სადაც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა.

კანონპროექტის მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამ სამუშაოების ჩამონათვალს კი მთავრობა ამტკიცებს.

კანონპროექტის წინა ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ეს კანონი ვრცელდებოდა “მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე”, ახალი ვერსიით ამ ჩამონათვალს წინ დაემატა “მომეტებული საფრთხის შემცველი”. პარლამენტში მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშორების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილების შემდეგ დავიწროვდა კანონის გავრცელების არეალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი