ახალი ამბები

დოდო გუგეშაშვილი: ნურავინ მისცემს თავდასხმას პოლიტიკურ სარჩულს

14 თებერვალი, 2018 • 2871
დოდო გუგეშაშვილი: ნურავინ მისცემს თავდასხმას პოლიტიკურ სარჩულს

დოდო გუგეშაშვილმა, რომელსაც მკურნალობა ღუდუშაურის კლინიკაში უტარდება, დღეს პირველად ისაუბრა თავდასხმის შესახებ, რა დროსაც თვითონ დაიჭრა, შვილი კი დაიღუპა. მისი თქმით, მომხდარს არც პოლიტიკური და არც ბიზნეს სარჩული აქვს. გუგეშაშვილის კომენტარის ამსახველ ვიდეოს მისი მეგობარი, მაკა რაზმაძე ფეისბუკზე ავრცელებს.

როგორც გუგეშაშვილი განმარტავს, ის დარწმუნებულია, რომ მომხდარის მიზეზი არც წინა საუკუნის დაპირისპირებაა, არც აფხაზეთისა და ცხინვალის ომი. დაჯგუფება “მხედრიონის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის თქმით, ის ვერ ხვდება, თუ რა გახდა თავსახმის მიზეზი.

“ნურავინ ნუ მისცემს ამას პოლიტიკურ სარჩულს და ნუ გახდის სპეკულაციად” – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

დღეს დოდო გუგეშაშვილი შვილის პანაშვიდზე დასწრების გამო კლინიკიდან რამდენიმე საათით გამოუშვეს.

სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი სამართალდამცავებმა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში დაკითხეს. დოდო გუგეშაშვილს და მისი შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს, 7 თებერვალს თბილისში, საცხოვრებელ სახლში ესროლეს. გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

სანამ დოდო გუგეშაშვილი სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” წევრი გახდებოდა, იყო მუსიკალური ანსამბლის წევრი, ქართულის ენის მასწავლებელი, სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. გაიგეთ დამატებითი დეტალები მისი ბიოგრაფიის შესახებ “ნეტგაზეთის” სტატიიდან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი