ახალი ამბები

BBC: პუტინმა ავადმყოფობის გამო სამუშაო განრიგი შეცვალა

14 თებერვალი, 2018 • 1860
BBC: პუტინმა ავადმყოფობის გამო სამუშაო განრიგი შეცვალა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამუშაო გრაფიკი მნიშვნელოვნად შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.  პრეზიდენტის განრიგში ცვლილებებს კრემლში მისი გაციებით ხსნიან, თუმცა ამბობენ, რომ სერიოზული არაფერია და პრეზიდენტი მუშაობას განაგრძობს.

ორშაბათს, 12 თებერვალს, ვლადიმერ პუტინს საქმიანი ვიზიტი სოჭში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კვირას საღამოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთი ვადით გეგმავს კენჭისყრას, რუსეთის სამხრეთში არ გაემგზავრებოდა. ყველა დაგეგმილი ღონისძიება კი მოსკოვში გადაიტანეს.

ბოლოს ვლადიმერ პუტინი საჯაროდ ნახეს კვირას, კონკურსის “რუსეთის ლიდერები” გამარჯვებულებთან შეხვდრაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის პირველმა პირმა ბოდიში მოიხადა, რომ ხმადაბლა საუბრობდა. საღამოს კი პალესტინის ლიდერთან შეხვედრა სოჭის ნაცვლად მოსკოვში გამართა.

13 თებერვალს კი პუტინმა სტავროპოლში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის შემდგომ რუსეთის პრეზიდენტს ფორუმზე, სახელწოდებით “მენტორი” ელოდებოდნენ, თუმცა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფორუმის წარმომადგენლები თავად ეწვეოდნენ პრეზიდენტს.

პესკოვმა ასევე დაამატა, რომ 13 თებერვალს მიკროელექტრონიკის შესახებ შეხვედრა უნდა გამართულიყო და მისი გადადება პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება. როგორც პესკოვი ამბობს, დისკუსიისთვის საჭირო მასალების მომზადება ვერ მოესწრო.

კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს სერიოზული არაფერი სჭირს, ის უბრალოდ გაცივდა და მუშაობას განაგრძობს.

“რუსეთის ლიდერების” კონკურსის გამარჯვებულებთან შეხვედრისას პუტინს მართლაც ჰქონდა ხმა ჩახლეჩილი, თუმცა, როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, სხვა დროსაც, როცა რუსეთის პრეზიდენტი თავს ცუდად გრძნობდა, კრემლში ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ. მაგალითად, როცა სერბეთში ფრენისას ვლადიმერ პუტინმა ზურგი დაიზიანა, კრემლს არ გაუვრცელებია ინფორმაცია პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ. თუმცა ნათლად ჩანდა, რომ მას სიარული უჭირდა.

რუსული მედიასაშუალება “დოჟდი” წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცვლილებები პუტინის გრაფიკში, შესაძლოა, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდეს, თუმცა პრეზიდენტის პრესსპიკერი ამ ინფორმაციას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი