ახალი ამბებისაზოგადოება

მე–17 სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლემ სადამრიგებლო ოთახის კარი ვერ გააღო და გადმოხტა

14 თებერვალი, 2018 • 3246
მე–17 სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლემ სადამრიგებლო ოთახის კარი ვერ გააღო და გადმოხტა

თბილისის მე–17 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ჭელიძე აცხადებს, რომ პირველკლასელი მოსწავლე სკოლის შენობიდან იმიტომ გადმოხტა, რომ საკლასო ოთახში კარი ჩაეკეტა.

დირექტორის თქმით, შემთხვევა დღეს, 14 თებერვალს, დაახლოებით 11:25–12:35 წუთის ინტერვალში მოხდა. დირექტორის თქმით, მუსიკის მასწავლებელს კლასი გაჰყავდა მუსიკის ოთახში, ბავშვმა კი სთხოვა მასწავლებელს, რომ სადამრიგებლო ოთახში დარჩენილი ნივთის ასაღებად დაბრუნდებოდა.

“ბავშვი აცხადებს იმას, რომ მასწავლებელს გაჰყავდა მუსიკის გაკვეთილზე. მუსიკის კაბინეტი ცალკე გვაქვს, რადგან ინსტრუმენტი გვაქვს შესაბამისი. ბავშვმა სთხოვა, რომ  რაღაც ნივთი დამრჩა და ჩანთიდან უნდა ამოვიღოო. სანამ მასწავლებელი იქამდე მივიდა, კარი მიიხურა და ბავშვმა [თქვა], შიგნიდან ვეღარ გავაღე კარი და შემეშინდა, მარტო რომ ვიყავიო და გადმოხტა ფანჯრიდან”, – განაცხადა მარიამ ჭელიძემ.

დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლემ ურდული ვეღარ ჩამოსწია, ამტკიცებს, რომ ურდულს “არაფერი არ სჭირს აბსოლუტურად, შევამოწმებინეთ ახლა, მშვენივრად იღება კარები, ვერ გააღო ბავშვმა.”

117–ე სკოლა. ღია ფანჯრიდან გადმოვარდა პირველკლასელი

დირექტორი არ ადასტურებს, იაშვილის საავადმყოფოს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბავშვის თქმით, ტუალეტის ოთახში ჩაიკეტა და იქიდან გადმოხტა.

მარიამ ჭელიძე ამბობს, რომ ბავშვს არ დაუძახია ვინმესთვის დასახმარებლად. იგი ოთახში დიდი ხნით ჩაკეტილი არ ყოფილა, თუმცა არ იცის, როგორ დაინახეს გადმომხტარი მოსწავლე. დირექტორი ამბობს, რომ “აღარ გაგვირკვევია. მანდატურს რომ მოჰყავდა, სასწრაფოს გამოვუძახეთ და შესაბამის სამსახურებს”, – განაცხადა მარიამ ჭელიძემ.

მოსწავლე, რომელიც სკოლის შენობიდან გადმოხტა იაშვილის კლინიკაში მიიყვანეს. კლინიკიდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ბავშვს აქვს მსუბუქი დაზიანებები.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პოლიციას, სადაც განგვიცხადეს, რომ ბავშვი ფანჯრიდან გადაძვრა და რადგან კრიმინალი არ ყოფილა, გამოძიებაც არ დაწყებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი