რუსეთის საზღვარი. ფოტო:Wikimedia Commons

სქემა – რუსეთში ჩასული უცხოელისაგან ინფორმაციის მიღებას ცდილობენ: ესტონეთის დაზვერვა

“იმ პირობებში, როცა საგარეო დაზვერვა ჭარბ რესურსებსა და რისკებს უკავშირდება, მეტად მოსახერხებელია ე.წ. “ინფორმაციის ტერიტორიიდან შეგროვების პრინციპი”. მარტივად რომ ვთქვათ, კონკრეტული ქვეყნის შესაბამისი სამსახური ინფორმაციის მიღებას არა  სხვა სახელმწიფოში აგენტურის ჩანერგვით, არამედ მისსავე ტერიტორიაზე მყოფი უცხოელისაგან ცდილობს. მეთოდი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება არაერთგზის მიმართავდა, წარმატებით მოირგო დღევანდელმა რუსეთმაც”, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური წერს 2018 წლის უსაფრთხოების ანგარიშში.

ესტონეთის დაზვერვამ დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ რუსეთიდან მომავალ საფრთხესა და იმ სტრატეგიას დაუთმო, რომელსაც მათი დაკვირვებით, მოსკოვი კონკრეტული სახელმწიფოებიდან მისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად იყენებს. ზოგადი ცნობების გარდა, დოკუმენტი ერთგვარი გაფრთხილებაცაა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რუსეთში გრძელვადიანი, მაგალითად, ბიზნეს საქმიანობა სურთ.

ანგარიშის ეს ნაწილი რუსეთის დაზვერვის მიერ ორი ხშირად გამოყენებადი მეთოდის აღწერით იწყება: პირველ შემთხვევაში, დაზვერვის თანამშრომლები დიპლომატის როლს ირგებენ და ვენის კონვენციის დაცვის მექანიზმებით სარგებლობენ. მეორე შემთხვევაში კი უცხო ქვეყანაში ჩასული აგენტები ადამიანებს ბიზნესმენებად, ჟურნალისტებად, მკვლევარებად ეცნობიან და სასურველ ინფორმაციასაც უფრო მარტივად იღებენ. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ესტონეთის დაზვერვა ფიქრობს, რომ რუსეთივის სამიზნე სახელმწიფოში მოქმედება დიდ რისკებს უკავშირდება ამიტომაც დოკუმენტის მიხედვით რუსეთის ტაქტიკა განსხვავებულია.

ჰუგო ევროკავშირიდან – როგორ აღმოჩნდა ბიზნესმენი რუსული დაზვერვის პირისპირ

მეტი თვალსაჩინოებისთვის, ანგარიშში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც რუსეთს ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე ეწვია.

“45 წლის ჰუგო მეუღლე და ორი შვილის მამაა, რომელიც ევროკავშირის წევრ ერთ-ერთი ქვეყანაში ელექტრონული მოწყობილობების საექსპორტო კომპანიაში მუშაობს. უყვარს კლასიკური მუსიკა და ტენისი. სტუდენტობისას გაცვლითი პროგრამით ისარგებლა და 4 წლის განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ისწავლაა. შესაბამისად, რუსულ ენასაც კარგად ფლობს.

რუსეთში ერთ-ერთი საქმიანი ვიზიტისას ჰუგო სერგეის დაუახლოვდა, არაერთი საერთო ინტერესიც გამონახა მასთან და დამეგობრდნენ კიდეც. მალე სერგეი ახლადშეძენილი მეგობრის ბიზნესითა და ევროპული კონტაქტებით დიდად დაინტერესდა. გამოცდილმა ბიზნესმენმა, რომელმაც ბიზნესსაიდუმლოს შენახვის ფასი და საჭიროება კარგად იცოდა, სერგეისთვის დეტალების განდობისგან თავი შეიკავა.

რუსეთში მომდევნო ვიზიტისას ჰუგოს მოულოდნელად პრობლემები შეექმნა. ადამიანებმა, რომელთაც თავი მესაზღვრეებად წარუდგინეს, საზღვარზე დააყოვნეს, განცალკევებულ ოთახში შეიყვანეს და ვიზისა თუ სხვა პროცედურების გატარების გარდა, როგორც პროფესიული, ისე პირადი ცხოვრების, ასევე რუსეთში არსებული კონტაქტების შესახებ გამოკითხეს.

ბიზნესმენმა დახმარებისთვის სერგეის მიმართა, რომელიც მის დასახმარებლად FSB-ში ნაცნობობის გამოყენებას შეჰპირდა, იმ შემთხვევაში თუ მისი კომპანიის შესახებ ინფორმაციას გაანდობდა. როცა ჰუგოსგან კვლავ უარი მიიღო, სერგეიმ გააფრთხილა, რომ რუსი “ოფიციალური პირები” იმაზე მეტ პრობლემას შეუქმნიდნენ, ვიდრე აეროპორტში შეყოვნებაა.

მიუხედავად უსიამოვნო თავგადასავლისა, შემდგომში ჰუგომ კვლავ სცადა ბედი, თუმცა პეტერბურგის აეროპორტში განუცხადეს, რომ მისი ვიზა გაუქმდა. ბიზნესმენი იძულებული გახდა, ქალაქის ცენტრში ახლადშეძენილი ბინა დაევიწყებინა და ახალი სამსახური ეძებნა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ქვეყნიდან გაუსვლელად – როგორ მუშაობს სისტემა?

ანგარიშის მიხედვით, დაზვერვის სქემაში ჩართული პირების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რუსეთში მყოფი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების მოძებნაა, რომელთაც პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, თავდაცვასთან თუ ბიზნესთან აქვთ კავშირები და შესაბამის სენსიტიურ ინფორმაციას ფლობენ. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მოსახერხებელი საერთაშორისო საზოგადოებრივი ღონისძიებებია, რომელთაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მრავლად ესწრებიან.

“მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას ეხება კონკრეტული ფორუმი, კონფერენცია თუ სიმპოზიუმი – შეიძლება ადამიანი, რომელიც რუსეთის რომელიმე ქალაქში კულტურულ ღონისძიებაზე მიიწვიეს, უნებლიედ სადაზვერვო სამსახურების გარემოცვაში აღმოჩნდეს”.

ესტონური მხარის მტკიცებით, შესაბამისი სამსახურები მოქმედებას პირის ქვეყანაში შესვლისთანავე იწყებენ. ინფორმაციის პირველი წყარო ვიზიტორის ვიზა და ღონისძიების (ასეთის დაგეგმვის შემთხვევაში) სარეგისტრაციო ფორმაა. ანგარიშის ავტორთა აზრით, მსგავსი ღონისძიებები მოსახერხებელი მხოლოდ ხალხმრავლობისა და “დიდი არჩევანის” გამო არ არის: “მიწვეული პირი ღონისძიებაზე, ძირითად შემთხვევაში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, ცხოვრობს სასტუმროში და ნაკლებად მორიდებულია ოფიციალურ ღონისძიებებს მიღმა, რაც სპეციალური სამსახურებისთვის მასთან კონტაქტსა და მისი პირადი ინფორმაციის შემცველ მოწყობილობებთან (ტელეფონი, კომპიუტერი) კავშირს აადვილებს”.

ესტონეთის საგარეო დაზვერვა წერს, რომ საგულისხმოა სპეც. სამსახურების შემადგენლობაც: დოკუმენტის ავტორები ეჭვობენ, რომ KGB-სა და მისი მემკვიდრე SVR-ის “ყოფილი” თანამშრომლები, რომლებმაც თითქოს დატოვეს აღნიშნული სტრუქტურები, კვლავ რჩებიან თანამდებობებზე და მოსკოვის ინტერესის ქვეშ მყოფ უცხოელებთან კონტაქტს განაგრძობენ. მეორე მხრივ კი, თუ დაზვერვის უწყების მუშაკთა ნაწილს შესაბამისი თანამდებობები ე.წ. CV-ში უფიქსირდებათ, არიან სხვა, შედარებით ახალგაზრდა პირები, რომელთა კავშირი სპეც. სამსახურებთან არსად იძებნება”.

 

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოცემული ინფორმაცია რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით ადამიანების დაშინებისკენ მიმართული არ არის, თუმცა ყველამ უნდა გაითვალისწინოს რისკები, რომლებიც ქვეყანაში გამგზავრებას შეიძლება მოჰყვეს, მით უმეტეს როცა საქმე პოლიტიკას, ბიზნესსა და სხვა მიმართულებებს ეხება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან