კომპანიამ მთავრობისგან მიღებული მიწა ქართუ ბანკში ჩადო, აქედან ივანიშვილისთვის ხეები გააქვთ

მწვანე კონცხის დასახლებაში 20 366 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 სექტემბერს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად გადასცა კომპანია „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“, რომელიც კერძო პირმა დაარეგისტრირა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე.

მწვანე კონცხზე სახელმწიფოსგან გადაცემული ქონება ნამდვილად რომ ჩადებულია „ქართუ ბანკში“, დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. ბანკთან ხელშეკრულება კომპანიას 2017 წლის დეკემბერში გაუფორმებია. ამ მიწის ნაკვეთიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკში ხეების გატანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქონება სახელმწიფომ კერძო პირს გადასცა.

მწვანე კონცხზე პირდაპირი წესით გასხვისებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა დღეს, 14 თებერვალს, ბრიფინგი გამართა.

„ეს მიწის ნაკვეთი ამ კომპანიას, ანუ ბიძინა ივანიშვილს იპოთეკით აქვს დატვირთული „ქართუ ბანკში“. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოირგო ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე სახელწიფო, თუ როგორ ცდილობს იგი აჭარის საუკეთესო ტურისტული პოტენციალის ხელში ჩაგდებას. ერთადერთი, რასაც ის ყველაზე კარგად ახერხებს, ეს არის ხეების გლეჯა. კომპანიას ვალდებულება აქვს მხოლოდ ის, რომ მოაწყოს ავტოსადგომი 50 მანქანისთვის, კვების ობიექტი და საოფისე ფართი,“ – აღნიშნა ენმ-ის წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ამ მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ოქტომბერში წერდა. მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20 366 კვ/მ. მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 სექტემბერს გადასცა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად კომპანიას „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“. კომპანია კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა.

განკარგულების მიხედვით, ქონების შემძენმა, „პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს „უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება/განაშენიანება [რაც მოიცავს, მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს, კომერციული/საოფისე/კვების დანიშნულების ობიექტ(ებ)ს, სპორტულ მოედანს, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს“], რისთვისაც არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

ტერიტორია მწვანე კონცხზე, რომელიც სახელმწიფომ „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“ გადასცა და სადაც ივანიშვილის პარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს თხრიან / ფოტო: „ბათუმელები“ / 23.01.2018

ამ თემაზე:

პატარაძე ამოთხრილი ხეების ადგილის აღდგენაზე საუბრობს, მთავრობაში კი მონაცემები არ აქვთ

ივანიშვილის დანატოვარი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი