ახალი ამბები

სასჯელაღსრულება: პატიმარმა თვითდაზიანება, სავარაუდოდ, ერთჯერადი საპარსით მიიყენა

14 თებერვალი, 2018 • 1991
სასჯელაღსრულება: პატიმარმა თვითდაზიანება, სავარაუდოდ, ერთჯერადი საპარსით მიიყენა

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის დაჭრაზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ 10 თებერვალს მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება, სავარაუდოდ, ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა:

“მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა  გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მსჯავრდებული ჩ.ნ. საკანში თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.
გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს” – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თვითმკვლელობის მცდელობის ვერსია საეჭვოა პატიმრის ადვოკატისთვის. როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი არ არის იარაღი, რომლითაც პატიმარი თვითდაზიანებების მიყენებას შეძლებდა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს:

ადვოკატი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ ყველა საჭირო ღონისძიება გაატაროს დაშავებულის სიცოცხლის გადასარჩენად. ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულის მდგომარეობა მძიმეა, მას ორივე თირკმელი გაეთიშა.

დაშავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) ჰქონდა წაყენებული. ადვოკატის თქმით, ის სასჯელს უკვე 3-4 წელია იხდის.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პროკურატურას გამოძიების დეტალების გასარკვევად, პროკურატურის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი